ე.წ. ციანიდის საქმე

მეუფე ნიკოლოზი: მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს პატრიარქის მკვლელობა

"მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა, რაღაც უნდა გააკეთო ამისთვის, ყველა არ გამოდგება ამისთვის, ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა". – ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი. 

"მე პირველად რომ გავიგე, რომ ამაზეა ლაპარაკი, ვიღაც აპირებდა პატრიარქის მოკვლას, სისულელე იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი, ციანიდის საქმეზე და იყო დიდი მითქმა-მოთქმა.

ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ეკლესიაზე. და რაში მდგომარეობს ეს შეტევა – დიდი ბოდიში, თუ მკვეთრ გამოთქმებს ვიხმარ, მთავარი არის სისულელეების ლაპარაკი.

გამოაცხადეს პატრიარქის მკვლელობა. მაშინ პატრიარქი გერმანიაში იმყოფებოდა, ეს იყო 2017 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისში შედგა წმინდა სინოდის სხდომა და წმინდა სინოდის სხდომაზე პირადად მე მოვახსენე სინოდის მღვდელმთავრებს, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, მე ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ გამოგვიცხადეს პატრიარქის სიკვდილი". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება, გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო და, ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები