გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში ჩავიდა. კანცლერი მოსახლეობას და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა.
მერკელმა პირობა დადო, რომ რეგიონების დასახმარებლად თანხა დაუყოვნებლივ გამოიყოფა.
"ჩვენ თქვენ გვერდით ვართ [..]. ვითარება შოკის მომგვრელია. შემიძლია ვთქვა, რომ გერმანულ ენაში არ არის სიტყვები განადგურების ამ მასშტაბების აღსაწერად" - თქვა კანცლერმა.
ფინანსთა მინისტრის ოლაფ შოლცის თქმით, ოთხშაბათს, 21 ივლისს მინისტრთა კაბინეტი დაზარალებული რეგიონებისთვის 300-მილიონევროიანი დახმარების პაკეტის გამოყოფას განიხილავს
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 156 ადამიანი დაიღუპა, მეზობელ ბელგიაში კი - 27 ადამიანი.
გერმანიაში ყველაზე მეტად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის, რაინლანდ-პფლაცის და ზაარლანდის რეგიონები დაზარალდა. ქვეყნის დასავლეთში შტეაინბახტალის კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.
დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმები გრძელდება. წყალდიდობაა სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაშიც. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შაბათს, 17 ივლისს ერთ საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე წინა 7 კვირის განმავლობაში.