ენმ

უდუმაშვილი: ეთიკის საბჭოს მივმართავთ, რათა პაპუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს. 

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

"დღეს ყველამ კარგად ვნახეთ ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს დეპუტატებზე სხდომათა დარბაზში. ეს, უპირველეს ყოვლისა, თინა ბოკუჩავას ეხება და კარგად დავინახეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თიკას, იმისათვის, რომ ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება". – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.  

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც - სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები