აშშ

ტეხასის დემოკრატმა პოლიტიკოსებმა რესპუბლიკელების კანონპროექტის ჩასაგდებად შტატი დატოვეს

ტეხასის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები ვაშინტონში ჩასვლის შემდეგ პრესკონფერენციაზე
Reuters

ტეხასის დემოკრატმა პოლიტიკოსებმა შტატი დატოვეს, რათა რესპუბლიკელებისთვის საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრების საშუალება არ მიეცათ. 12 ივლისს დემოკრატიული პარტიის, სულ მცირე, 50 წარმომადგენელი ოსტინიდან ვაშინგტონში გაემგზავრა.

დემოკრატების მოქმედების შედეგად, შტატის წარმომადგენელთა პალატა დროებით იქნება პარალიზებული. კანონპროექტისთვის კენჭისყრისთვის აუცილებელია, სხდომას 150 წარმომადგენლიდან, სულ მცირე, 2/3 ესწრებოდეს.

დემოკრატიული პარტიის წევრები ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელების ინიციატივას, გაამკაცრონ არჩევნებთან დაკავშირებული რეგულაციები. ტეხასში შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს 24-საათიანი საარჩევნო უბნების გაუქმებას და პარტიების დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას. კანონპროექტისთვის პირველი კენჭისყრა მიმდინარე კვირაშია დანიშნული.

რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრება კიდევ უფრო გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს, ხოლო დემოკრატები თვლიან, რომ ინიციატივა თავდასხმაა ხმის უფლებაზე.

შტატის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები გეგმავენ ტეხასში 30-დღიანი სპეციალური სესიის დასრულების ბოლომდე არ დაბრუნდნენ. სესია თვის ბოლომდე გრძელდება.

ტეხასის კანონმდებლობით, ნებადართულია იმ პოლიტიკოსების დაკავება, რომლებიც სხდომას არ ესწრებიან და მათი წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მიყვანა. თუმცა, კანონის იურისდიქცია შტატის ფარგლებს არ ცდება.

დემოკრატი პოლიტიკოსების საპასუხოდ, ტეხასის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, დეიდ ფელანმა თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატა ყველა არსებულ რესურს გამოიყენებდა კვორუმის მისაღწევად.

ჟურნალისტმა ჯეინ ტიმმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ოსტინიდან გამგზავრებული პოლიტიკოსების ფოტო

 

კომენტარები