პრაიდის კვირეული

კახაბერი რიონის მცველების ჰომოფობიურ განცხადებაზე: ესაა ჩემი და თანამებრძოლების შეურაცხყოფა

"რიონის ხეობის მცველების განცხადება არის პირადად ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფა". – ასე ეხმაურება თანასწორობის მოძრაობის ხელმძღვანელი, დავით კახაბერი რიონის ხეობის მცველების განცხადებას პრაიდის კვირეულზე.

"ბევრ სამოქალაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება!". – წერს გიორგი თაბაგარი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას".

განცხადების მიხედვით, რიონის მცველებმა "აუცილებლად ჩათვალეს", მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია პრაიდის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობენ, პრაიდი "დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში'.

"არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.

შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, "პრაიდის" ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩნდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდიფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად". -ვკითხულობთ განცხადებაში.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წერენ, რომ მათი საინიციატივო ჯგუფი "მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება" და რელიგიური თვალსაზრისით, მათ შეხედულებებს "აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება". რიონის ხეობის მცველები ამტკიცებენ, რომ  პრაიდი "არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა", ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

"ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ცალსახად ემიჯნება "თბილისი პრაიდის" კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას". - წერია განცხადებაში.


პუტინისტური ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, PRIDE-კვირეულის პირველი ღონისძიება 1-ელ ივნისს მაინც გაიმართა. ფილმის დახურულ ჩვენებაზე დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებიც მივიდნენ, ასევე, სხვა საელჩოების წარმომადგენლები. 

ღონისძიების დაწყებამდე, პუტინისტურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის მონაწილეებს კვერცხები, ქვები და ბოთლები ესროლეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პირველი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე. 

ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა კინოჩვენების დასრულების შემდეგაც - პუტინისტური ჯგუფები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა შემდეგ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

ჯამში, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა. მათგან 20 დღეს, 2 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები