სასამართლო სისტემა

ოხანაშვილი ლომჯარიაზე: სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება

პარლამენტი

'სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება". – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებაზე, არ დაესწროს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას. 

"ამ პროცესში ვინმე ჩართულობაზე უარს ამბობს, ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება და ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. ქალბატონი ნინო ვალდებულია, უფლებამოსილი კი არ არის, ვალდებულია, ჩაერთოს პროცესში. 

მაშინ, როდესაც არ სახელდება არცერთი ობიექტური გარემოება და პირი, ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს - სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი". – ამბობს ოხანაშვილი. 

როგორც სახალხო დამცველი წერს, გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გამო მიიღო. ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, პროცესში არ ჩაერთვება, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. 

"რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე". – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 


23 ივნისს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა. 

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა დღეს, 28 ივნისს ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მოსამართლეები ყველას მოუწოდებენ, შეწყვიტონ "ანტისახელმწიფოებრივი" კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 27 ივნისს, მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

'პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას".

აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები