პრაიდის კვირეული

თაბაგარი საპატრიარქოზე: თავს უფლებას აძლევენ, სახელმწიფოს მოუწოდონ, რა და როგორ გააკეთოს

www.facebook.com/Georgi.Tabagari

"ეს ინსტიტუცია თავს უფლებას აძლევს, სახელმწიფოს მოუწოდოს, რა და როგორ გააკეთოს". – ასე ეხმაურება Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი პრაიდის დაგეგმილ კვირეულთან და ღირსების მარშთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას.

თაბაგარის ცნობით, პრაიდის კვირეული ჩატარდება და მოეწყობა ღირსების მარშიც, რადგან ორგანიზატორები, ისევე, როგორც აქტივისტები და მათი მხარდამჭერები უკან დახევას არ აპირებენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სეკულარიზმის კრიზისი ისევ გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე იქნება და საპატრიარქოს პოზიცია დარჩება მათ მშვიდობიან გამოხატულებად და არ გადაიზრდება ძალადობაში". – ამბობს გიორგი თაბაგარი.

საქართველოს საპატრიარქომ გუშინ, 29 ივნისს, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას – გარდაუვალი შფოთი".

საპატრიარქოს მტკიცებით, პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან.


თბილისში პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები