HNLMS Evertsen-ის ინციდენტი შავ ზღვაში

ნიდერლანდები რუსეთს შავ ზღვაში ხომალდზე თავდასხმის იმიტაციაში სდებს ბრალს

რუსული ავიაგამანადგურებლები ჰოლანდიური ფრეგატის თავზე
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 24 ივნისს, შავ ზღვაში რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ნიდერლანდური ფრეგატ HNLMS Evertsen-ს საშიში გარემო შეუქმნეს და თავდასხმის იმიტაცია განახორციელეს.

"თვითმფრინავები ადგილობრივი დროით 15:30-20:30 საათების განმავლობაში ავიწროებდნენ Evertsen-ს. ისინი დაფრინავდნენ სახიფათოდ დაბლა და ახლოს, ასრულებდნენ თავდასხმის იმიტაციებს. ავიაგამანადგურებლები შეიარაღებულები იყვნენ ბომბებითა და ჰაერი-ხმელეთის ტიპის რაკეტებით, რომლებიც სამიზნის ჰაერიდან დამიზნებისთვის გამოიყენება. რამდენიმესაათიანი დაძაბულობის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა Evertsen-ის ელექტრონული დანადგარები.

რუსეთის ქმედებებმა დაარღვია ზღვაზე თავისუფალი გასვლის უფლებები. ამას გარდა, ისინი მიდიან ერთობლივი შეთანხმებების, INCSEA-ს (ზღვის ინციდენტების შეთანხმება) ხელშეკრულების წინააღმდეგ. შეთანხმება ზღუდავს ზღვაზე სახიფათო სიტუაციების შექმნას". – წერია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ ავიაგამანადგურებლები გაუშვეს, რათა ნიდერლანდური ფრეგატის რუსულ წყლებში შესვლა არ დაეშვათ. რუსული მხარე ამბობს, რომ მათი თვითმფრინავები ხომალდისგან უსაფრთხო მანძილზე და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დაფრინავდნენ. 

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, ანკ ბეილეველდმა რუსეთის ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა. ასევე შეაფასა ეს მოვლენები ფრეგატის კაპიტანმა.

"HNLMS Evertsen-ს აქ გაცურვაზე ყველანაირი უფლება ჰქონდა. ამ აგრესიულ ქმედებას, რომელიც არასაჭიროდ ზრდის შემთხვევათა შანსებს, არანაირი გამართლება არ აქვს. ნიდერლანდები რუსეთს ამასთან დაკავშირებით მიმართავს". – თქვა ანკ ბეილეველდმა. 

HNLMS Evertsen-ის ნიდერლანდური ფრეგატია, თუმცა დიდი ბრიტანეთის ავიამზიდის დამრტყმელი რაზმის წევრია. ის ბრიტანულ ხომალდ HMS Defender-თან ერთად შავ ზღვაში პატრულირებს და მის სხვადასხვა პორტებში ჩერდება. 23 ივნისს რუსეთის ძალებს ინციდენტი შეემთხვათ HMS Defender-თანაც. 


შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში 3 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.

ბრიტანეთის თქმით, გამაფრთხილებელი გასროლა რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სასაუბროდ გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი, დებორა ბრონერტი.

რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა. 

კომენტარები