ჟენევის ფორმატი

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობა, ოკუპაცია, დევნილები – ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი

ჟენევაში დღეს, 30 ივნისს საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ძირითადი შეხვედრები გაიმართება. მოლაპარაკებებისას მთავარი განსახილველი საკითხი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება.

ამასთან ერთად, მთავარი საკითხი, რის დაყენებასაც ქართული მხარე აპირებს - საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებაა. 

"გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ძირითადი შეხვედრები ორივე სამუშაო ჯგუფში და, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, განსახილველი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, გადაადგილების თავისუფლება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე სოციალური გარემო და ადამიანების უუფლებო მდგომარეობა, რაშიდაც ცხოვრობენ, განსაკუთრებით გალის და ახალგორის მაცხოვრებელი, ასევე განხილული იქნება დევნილთა დაბრუნების საკითხიც". – ამბობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ზვიად ზვიადაძე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან, აგრეთვე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

კომენტარები