ევროპული საქართველო

ბოკერია: მნიშვნელოვანი იყო, პარტნიორებს გაეგოთ, რომ კრიზისი საქართველოში არ დასრულებულა

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიუსელში პარტიის ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარტნიორებთან შეხვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება. 

ევროპული საქართველოს დელეგაციით ბრიუსელში გიგა ბოკერიასთან ერთად გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკიც იყვნენ. 

"როცა იყო კორონავირუსი, როცა იყო ასეთი კრიზისი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორ მთავარ, ურთიერთდაკავშირებულ პრობლემაზე საქართველოდან იყოს მკაფიო გზავნილი და მუდმივად ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოკავშირეებისთვის. ერთი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის პუტინის რუსეთი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და წარსულში მკვლელობები. 

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნება, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ პარტნიორებისთვის გვჭირდება მუდმივად შეხსენება იმისა, რომ ქართული საზოგადოების მყარი პოზიცია არის ეს და ესაა ოპოზიციის საქმე. ის ვერ ჩაანაცვლებს მთავრობას, რომელიც არ გვყავს ამ ნაწილში ან პირიქით, საზიანო ნაბიჯებს დგამს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ. 

და მეორე, ამასთან დაკავშირებული რთული პრობლემა, ეს არის ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამოწვევა საქართველოს დემოკრატიის, ჩვენი სუვერენიტეტისა და საზოგადოების ფუნდამენტური უფლებებისთვის". – თქვა გიგა ბოკერიამ მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მოხარულია იმით, რომ ახალი კორონავირუსის ტალღის გადავლის შემდეგ მათ პირველად მიეცათ ფიზიკურად ურთიერთობის შესაძლებლობა, რათა პარტნიორებისთვის აეხსნათ "რთული, ჩახლართული" მდგომარეობა. როგორც გიგა ბოკერია ამბობს, მთავრობის პროპაგანდის პარალელურად არსებობს ოპოზიციის ნაწილის პროპაგანდაც, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდა. 

"სამწუხაროდ, მთავრობის პროპაგანდა ხომ არსებობს და არსებობს ოპოზიციის ნაწილის პროპაგანდაც, რომ რაღაც ისტორიული გარღვევა მოხდა საქართველოში, რომ კრიზისი გადალახულია. მაგალითად, ვციტირებ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ოპოზიციაშია და ამის გამო მისი ეს ნათქვამი დამაჯერებლად გამოიყურება, სანამ არ მოგვეცა საშუალება, რომ აგვეხსნა, რომ კრიზისი კი არ განმუხტულა საქართველოში, გრძელდება და გაღრმავდა, რომ იმ მინიმალისტური ვალდებულებების შესრულების საკითხშიც კი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია და რომელიც ჩვენთვის საკმარისი არ იყო და არც დღეს არის, იმიტომ, რომ სტატუს-კვოს ვერ ცვლიდა, იმაშიც კი უტიფრად არღვევს ივანიშვილის რეჟიმი პუნქტებს ძალის დემონსტრირებისთვის. 

ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ კონტექსტის კარგად ახსნა და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მოკავშირეებმა კარგად გაიგეს". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ბრიუსელში ევროპული საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 28 ივლისს დაიწყო. გიგა ბოკერია ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა, 29 ივლისს კი პარტიის ლიდერები EPP-ის მოქმედ და ევროპული საბჭოს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდნენ

კომენტარები