საქართველო-ევროკავშირი

ევროპული საქართველოს ლიდერებმა EPP-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, შეხვედრა გამართეს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა და საგარეო პოლიტიკის მდივანმა, გიორგი კანდელაკმა, შეხვედრები გამართეს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან და ევროპარლამენტის წევრებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო რუსული აგრესია საქართველოს სუვერინიტეტისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მკაფიო გზავნილის საჭიროება და ქვეყნის შიგნით ქართული ოცნების მიერ  დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე რეაგირება.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ბოკერიამ ყურადღება გაამახვილა რეგიონში რუსეთის გაზრდილი აქტივობის ფონზე საქართველოს შიგნით პრორუსული ძალებიდან მომდინარე საფრთხეზე, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე და საქართველოს მოქალაქეების რეგულარულ გატაცებებსა და მკვლელობებზე.

ბოკერიამ ასევე ისაუბრა ავტორიტარული რეჟიმისგან საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის შექმნილ მყისიერ საფრთხეზე, კერძოდ იმაზე, რომ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლება ღიად აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, სასამართლო
ხელისუფლების ღიად კონტროლს და ამავე დროს აღრმავებს ანტიდასავლურ
რიტორიკას, რისი დასტურიცაა მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების
განცხადებები.

კომენტარები