ევროპული საქართველო

ბოკერია ბრიუსელში EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა. 

ევროპული საქართველოს ცნობით, პარტიის ლიდერმა საქართველოში შექმნილ მდგომარეობასა და რეგიონში რუსეთის გაზრდილი აქტივობის ფონზე საქართველოს შიგნით პრორუსული ძალებიდან მომდინარე საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

გამოსვლაში ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, საქართველოს მოქალაქეების რეგულარულ გატაცებებს და მკვლელობებს. მისი თქმით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ღია მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით რეჟიმის ავტორიტარულ ნაბიჯებზე მკვეთრი რეაგირება.

ბოკერიამ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ევროპის სახალხო პარტიის, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი და ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე ერთგული ძალის ყურადღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პარტიის ინფორმაციით, ბოკერიამ ასევე ისაუბრა ავტორიტარული რეჟიმისგან საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის შექმნილ მყისიერ საფრთხეზე, კერძოდ იმაზე, რომ "აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმი ღიად აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, სასამართლო ხელისუფლების ღიად კონტროლს და ამავე დროს, აღრმავებს ანტიდასავლურ რიტორიკას, რისი დასტურიცაა მის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების განცხადებები. მაშინ, როცა გრძელდება პროდასავლური მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დევნა და დემონიზება, პროპუტინური ძალები ღიად მთავრობის მოკავშირეები არიან და ძალადობისთვის დაუსჯელობით საუბრობენ".

კომენტარები