ტურიზმი

1-ელი ილისიდან ავსტრია სინოფარმით და სინოვაკით აცრილ ტურისტებსაც მიიღებს

www.lonelyplanet.com

1-ელი ივლისიდან ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლის წესები მარტივდება. მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები ავსტრიაში გამგზავრებას ნებისმიერი მიზნით შეძლებენ. ამ შემსუბუქებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ცნობა კორონავირუსის გადატანის შესახებ ან ტესტირების პასუხი.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს აქტუალური PCR-ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ასევე ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ან საქმიანი ვიზიტისთვის, ასევე, ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.

PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 10 წლის ასაკიდან.

ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრია აღიარებს WHO-ს მიერ რეკომენდებულ შემდეგ ვაქცინებს - BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac) და მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:

პირი ვაქცინირებულად ითვლება:

  • ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 22-ე დღიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში;
  • ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში, პირველი აცრის გაკეთებიდან).
  • პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.
  • ის ადამიანები რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში;

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://www.formularservice.gv.at/.../user/formular.aspx და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელ. ფორმით.

კომენტარები