სასამართლო სისტემა

კახიძე: შემაშფოთებელია მოსამართლეების რიტორიკა დასავლელი პარტნიორების მიმართ

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე "შემაშფოთებელს" უწოდებს ქართველი მოსამართლეების რიტორიკას, რომლითაც მათ დასავლელ პარტნიორებს მიმართეს. 

ოთარ კახიძის შეფასებით, ეს რიტორიკა პირდაპირ იმეორებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პროპაგანდას, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის რჩევები სუვერენულ დემოკრატიაში ჩარევაა. 

"აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარებაზე და მათ გვერდით დგომაზე დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს სუვერენიტეტიც, ტერიტორიული მთლიანობაც და ჩვენ, როგორც სახელმწიფო რომ ფეხზე ვართ, არის დასავლეთის და ამ ოჯახის დამსახურება. ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი, მაშინ, როდესაც ყველა მიუკერძოებელი დამკვირვებელი აცნობიერებს, რომ ძალიან მძიმე პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაში და ამის პასუხად სუვერენულ დემოკრატიაზე აპელირება, არის შემაშფოთებელი, თუმცა, ლოგიკურად ჯდება იმ მიმართულებაში, რაც აქვს მთლიანად ივანიშვილის რეჟიმს აღებული. 

ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ოლიგარქის მმართველობის განსამტკიცებლად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაიგდონ ხელში". – თქვა ოთარ კახიძემ. 

მოსამართლეების მიმართვა საჯაროდ დღეს, 28 ივნისს გავრცელდა, იქამდე კი მის შინაარსზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ისაუბრა. მოსამართლე გვრიტიშვილის ცნობით, მიმართვაში მოსამართლეები ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები