სტამბოლის არხი

"სტამბოლის არხით ისტორიაში ახალ ფურცელს გადავშლით" – ერდოღანმა არხის პროექტი გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის არხის პროექტი გახსნა

"სტამბოლის არხი თურქეთის განვითარების ისტორიაში ახალ გვერდს გადაშლის" – თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა დიდი პროექტის პირველი ეტაპის, საზლიდერეს ხიდის მშენებლობის გახსნაზე. არხზე სულ 6 ხიდი იქნება აშენებული. 

"სტამბოლის არხი არის მნიშვნელოვანი პროექტი ბოსფორის სრუტის ისტორიული და კულტურული ღირებულების დასაცავად. სტამბოლის არხს ვუყურებთ როგორც პროექტს, რომელიც მომავალში სტამბოლს იხსნის". – თქვა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2021 წლის მაისში თქვა, რომ ივნისის ბოლოდან სტამბოლის არხის პროექტზე მუშაობა დაიწყებოდა.

45-კილომეტრიანი არხი მარმარილოსა და შავ ზღვებს დააკავშირებს. პროექტი საერთაშორისო ასპარეზზე მრავალ კითხვებს აჩენდა იმის შესახებ, გავრცელდება თუ არა არხზე მონტროს კონვენცია, ან გამოიწვევს თუ არა მისი აშენება ამ 1936 წლის შეთანხმების გადახედვის აუცილებლობას და შეცვლის თუ არა ის შავი ზღვის გეოპოლიტიკას.

როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ წლის აპრილში თქვა, სტამბოლის არხს მონტროს კონვენციასთან შეხება არ ექნება. 

ასევე, აპრილში თურქეთში 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბოლის არხის შენების შესახებ. მათი აზრით, ამ არხის გახსნა დაარღვევს მონტროს საზღვაო კონვენციას და ერდოღანს მისი დაცვისკენ მოუწოდეს

თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა. მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს და, ასევე, დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. 

კომენტარები