მონტროს კონვენცია

შავი ზღვის გეოპოლიტიკა და სტამბოლის არხი – დამოკლეს მახვილი მონტროს კონვენციის თავზე

მონტროს კონვენცია

შავი ზღვის გეოპოლიტიკა და სტამბოლის არხი – დამოკლეს მახვილი მონტროს კონვენციის თავზე

2021 წლის 29 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამ წლის ივნისის ბოლო რიცხვებიდან სტამბოლის არხისთვის საფუძვლის ჩაყრა დაიწყებოდა. ამ პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. პირველად არხის გაყვანის შესახებ გეგმები ოფიციალურად 2011 წელს თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, როდესაც ის ჯერ კიდევ პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. პროექტი თავიდანვე მრავალ კითხვას აჩენდა როგორც უშუალოდ მის ეკონომიკურ ფუნქციასთან, ისე შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

გეგმების მიხედვით, არხი სიგრძეში 45 კილომეტრი, სიღრმეში კი 35 მეტრი იქნება და ის შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. თურქეთის მთავრობა არხის გაყვანის საჭიროებას ეკონომიკური მიზნებით ხსნის. მათი თქმით, ეს არხი განტვირთავს ბოსფორის სრუტეს, სადაც გემები სიმრავლის გამო ხშირად ფერხდებიან და არც საზღვაო შემთხვევები არის იშვიათი. ასევე, არხის ნაპირებზე დიდი ინფრასტრუქტურული გეგმების შესრულება იგეგმება, რაშიც კატარელი ინვესტორები დებენ ფინანსებს. ხელოვნურ სრუტეზე ექვსი ხიდი აშენდება და სანაპიროებს დააკავშირებს. თურქეთი პროექტის დასრულებას 2023 წლისთვის, რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავზე გეგმავს.

სტამბოლის არხის გეგმა

არხის გაყვანის გეგმას თავიდანვე მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. სხვადასხვა მხარეებს წინააღმდეგობის სხვადასხვა მიზეზები აქვთ. არხის გაყვანის დროს ათიათასობით ადამიანს საცხოვრებლების დატოვება მოუწევს, ზოგიერთისთვის კი პრობლემას სავარაუდო ეკოლოგიური ცვლილებები წარმოადგენს. მაგრამ სტამბოლის არხი ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს მონტროს კონვენციასთან მიმართებაში აჩენს. 

2021 წლის აპრილში 104-მა ყოფილმა სამხედრომ ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც მთავრობის მიერ სტამბოლის არხის გაყვანის გეგმას აკრიტიკებდა. მათი თვალთახედვით ეს პროექტი თურქეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ყოფილი სამხედროების აზრით, არხის გაყვანით, შესაძლოა, მონტროს კონვენცია დაირღვეს და შავიზღვისპირეთში სიტუაცია დაიძაბოს. თურქეთის მთავრობამ 104-დან 10 ხელმომწერი დააკავა. ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს და ასევე, დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან.

 

მონტროს კონვენცია

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა, რეგიონის ახალი რუკის დახატვა რამდენჯერმე სცადეს. პირველად ეს მოხდა 1920 წელს სევრის ხელშეკრულებით, რაც წარუმატებლად დასრულდა, შემდეგში, 1923 წელს  კი უფრო მეტად წარმატებული ლოზანის ხელშეკრულებით, რაც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებისთვის საფუძველი გახდა. 

 

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაშლილი იყო რუსეთის იმპერიაც. შავ ზღვაში დიდი გავლენა მოიპოვა დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც 1920-23 წლებში ოკუპირებული ჰქონდა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები, ასევე ქალაქი კონსტანტინოპოლი (სტამბოლი). ბრიტანელები ამ პუნქტებს ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი თეთრი არმიის დასახმარებლადაც იყენებდნენ. ბრიტანეთმა ოკუპირებული ტერიტორიები ლოზანის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დატოვა. 

როგორც თურქეთმა, ისე ბოლშევიკურმა რუსეთმა ნახა, რომ არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდები მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. რეგიონში ორივე პოლიტიკური სუბიექტის დაპირისპირების მიუხედავად, მათ ინტერესებში შედიოდა, რომ შავ ზღვაზე გავლენა მხოლოდ რეგიონულ ძალებს ჰქონოდათ. 

1936 წელს, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე, გაფორმდა მონტროს კონვენცია, რომელიც თურქეთს აქამდე ერთა ლიგის მიერ კონტროლირებად ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე სუვერენიტეტს აძლევდა და შავ ზღვაში სამოქალაქო და სამხედრო გემების შემოსვლას არეგულირებდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების პროცესებს არ დასწრებია აშშ-ს წარმომადგენლობა, რომელიც 30-იან წლებში ამ რეგიონში ინტერესებს ვერ ხედავდა. 

მონტროს კონვენციის მიხედვით, სამოქალაქო გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში თავისუფალი გასვლის უფლება მიეცათ როგორც მშვიდობის, ისე ომის პერიოდში. მისი მიხედვით დადგენილი არის სამხედრო გემების სრუტეებით სარგებლობის პირობები, განსაკუთრებით შეზღუდულია არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემების გავლის უფლება. იმ სამხედრო ხომალდებს, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებს არ ეკუთვნიან, შავ ზღვაში გაჩერება მხოლოდ 21 დღით შეუძლიათ. ასევე, ისინი შეზღუდულები არიან ხომალდის ტიპისა და  წონის მიხედვით. სრუტეების გამოყენებით არაშავიზღვისპირა ქვეყნების საბრძოლო ხომალდებს შავ ზღვაში მშვიდობიან პერიოდში შემოსვლა არ შეუძლიათ, თუკი მათი საერთო წყალწყვა 45 ათას, ხოლო თითო გემის შემთხვევაში, 30 ათას ტონას აღემატება. ასევე, მნიშვნელოვანია არაშავიზღვისპირა ქვეყნის მიერ თურქეთის რამდენიმე დღით ადრე გაფრთხილება, რომ ის სრუტეში სამხედრო გემის შემოყვანას აპირებს (არაშავიზღვისპირა ქვეყნებისთვის სასურველია 15 დღით ადრე გაფრთხილება). 

მონტროს კონვენციის გაფორმების აღმნიშვნელი ილუსტრაცია 1936 წლის თურქული გაზეთიდან. თურქი ჯარისკაცი დგას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების თავზე.

სამხედროები, რომლებმაც ხელი მოაწერეს სტამბოლის არხის საწინააღმდეგო წერილს, თვლიან, რომ ეს პროექტი ერდოღანისთვის მონტროს კონვენციის ვალდებულებებისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა, საფრთხეს უქმნის 1936 წლის კონვენციის არსებობას და წარმოშობს შავი ზღვის მილიტარიზაციის რისკებს.

მონტროს კონვენცია თურქეთისთვის შავი ზღვის მილიტარიზაციის შესაჩერებლად, შესაძლოა, ერთ დროს გამოსადეგი იყო, თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საკითხავია, თუ ვის აძლევს რეალურ  სარგებელს ეს ხელშეკრულება დღეს? 

ამჟამად, როდესაც რუსეთს აფხაზეთისა და ყირიმის სახით ოკუპირებული აქვს შავი ზღვის მონაპირე ტერიტორიები, ეს მას საკმაოდ დიდ გავლენას აძლევს ამ წყლებში. საპირისპიროდ, რეგიონში მისი დაბალანსება მხოლოდ თურქეთს არ შეუძლია, NATO-სა და აშშ-ს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მონტროს კონვენცია არ აძლევთ. ფაქტობრივად რუსეთი შავი ზღვის წყლებში ჰეგემონია. 

მონტროს კონვენციის პრობლემატურობა კარგად გამოჩნდა 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს. ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი სამხედრო საზღვაო ძალებიდან 2 გემი ჰოსპიტლის, USNS Comfort-სა და USNS Mercy-ს გამოგზავნას აპირებდა, მაგრამ თურქეთმა აშშ-ს მკაცრად მოუწოდა, გაეთვალისწინებინა მონტროს კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც სრუტეებში შემომავალი გემების წონებს ზღუდავს. აშშ-ს თავდაპირველი განზრახვით გამოსაგზავნი გემებიდან თითო 69 ათას ტონაზე მეტს იწონიდა (არაშავიზღვისპირა ქვეყნის შემომავალი გემი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას).

აშშ-მ საბოლოოდ მაინც შეძლო საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, შედარებით პატარა გემებით. 22 აგვისტოს ბოსფორის სრუტე საქართველოს მიმართულებით გაიარა მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა საესკადრო ნაღმოსანმა USS McFaul-მა, რომელიც 8915 ტონას იწონის, 2 დღის შემდეგ მას 3250-ტონიანი USCGC Dallas-ი მოჰყვა, 27 აგვისტოს კი მათ 18 400-ტონიანი USS Mount Whitney დაემატა. 1 სექტემბერს USNS Pathfinder-მა USCGC Dallas-ი ჩაანაცვლა. მონტროს კონვენციის გამო აშშ-მ ვერ შეძლო თავდაპირველი გეგმების განხორციელება და საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების დროულად გაწევა. თურქეთის მიერ აშშ-ს გაფრთხილება, თავის მხრივ, საკუთარი რთული დიპლომატიური პოზიციით იყო განპირობებული. თურქეთს არც რუსეთთან და არც აშშ-სთან არ სურდა ურთიერთობების გაუარესება. ამ გარემოებამ თურქეთსა და აშშ-ს შორის მცირედი დაძაბული სიტუაციაც შექმნა, რადგან როგორც ამას თურქული წყაროები ამბობდნენ, აშშ-ს გემებს, რომლებიც დარდანელის სრუტეში შევიდნენ, ანკარასთვის მონტროს კონვენციით გათვალისწინებული 8-15 დღიანი წინასწარი გაფრთხილებით არ მიუმართავთ. აშშ-მ თურქეთის ნებართვა სრუტეებში გემების გავლის შესახებ 21 აგვისტოს, ფაქტობრივად  პოსტფაქტუმ მიიღო

რუსეთის ჰეგემონია შავ ზღვაზე

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ და ანექსიამ შავი ზღვის წყლებში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. პუტინის რეჟიმმა მალევე დაიწყო ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია. დღეს ყირიმი 10-ათასობით რუსი სამხედროს საცხოვრებელია. ეს სტრატეგიული წერტილი რუსეთმა სირიის კონფლიქტშიც გამოიყენა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ინტერესებს. 2015 წელს ყირიმიდან სირიის სანაპიროების მიმართულებით გაიგზავნა დიდი რადიუსის მქონე მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გემი Москва, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ძალებისთვის საჰაერო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდაასადის რეჟიმი ყირიმიდან მარაგდებოდა რუსეთის მარცვლეულითაც.

ხომალდი Москва

შესაბამისად, ეს ნახევარკუნძული მოსკოვისთვის არის გავლენის საყრდენი არამხოლოდ შავ, არამედ ხმელთაშუა ზღვაშიც. ასევე, მოსკოვმა არამხოლოდ შავ, არამედ აზოვის ზღვაზეც მოიპოვა გავლენა. ამ საფრთხეს ზოგჯერ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. აზოვის ზღვას უკრაინისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მის ნაპირებზე გაშენებულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, მარიუპოლი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი მდებარეობს. დღეს ამ პორტისკენ მიმავალ გემებს რუსეთი აფერხებს, რადგან მოსკოვი აკონტროლებს აზოვის ზღვაში შემავალ ქერჩის სრუტეს. 

რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები შავ ზღვაზე გავლენის პოტენციური დაკარგვის საფრთხემ განაპირობა. შავიზღვისპირეთის ქვეყნებიდან რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი NATO-ს წევრები არიან, უკრაინა და საქართველო კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე ქვეყნები, რაც რუსეთს შავ ზღვაში სტრატეგიულ უპირატესობას უკარგავდა. შედეგად, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა ამ უკანასკნელს შავ ზღვაში დამატებითი ტერიტორიული წყლების გაკონტროლების საშუალება მისცა. შავ ზღვაზე 2014 წლიდან დაწყებულ რუსულ ჰეგემონიას კიდევ უფრო ამტკიცებდა მონტროს კონვენცია, რომელიც ზღუდავს NATO-ს არაშავიზღვისპირა წევრებისთვის ამ წყლებში დიდი წონის გემების შემოყვანასა და მათი აქ გაჩერების დროს, რაც NATO-სთვის დიდი დემონსტრაციული ვარჯიშების საშუალებასაც არ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ NATO უკვე დიდი ხანია, რაც შავი ზღვის რეგიონს ახასიათებდა, როგორც “ევროატლანტიკის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად”, მხოლოდ 2016 წლის ივლისის სამიტზე, ვარშავაში დადეს პირობა, რომ რეგიონში საკუთარ ძალებს გაზრდიდნენ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ეფექტიანობას წლების მანძილზე ართულებდა მისივე წევრები შავიზღვისპირეთის ქვეყნების სახით. რუმინეთს რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება სურდა, ბულგარეთის პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს კავშირები ჰქონდათ რუსეთთან, რაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში მათ ქმედებებსა და სურვილებზეც გარკვეულწილად აისახებოდა. რაც შეეხება თურქეთს, ის 2015 წელს, როდესაც მათ რუსული გამანადგურებელი СУ-24 ჩამოაგდეს და მოსკოვთან ურთიერთობა დაიძაბა, NATO-ს რეგიონში მეტი ქმედებისკენ მოუწოდებდა და შავი ზღვის რუსეთის ტბად გადაქცევის საფრთხეს უსვამდა ხაზს.

მართალია, ამ ბოლო შემთხვევის შემდეგ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობამ მოსალოდნელისგან განსხვავებული სახე მიიღო და ზოგიერთი ამ უკანასკნელს მოსკოვთან მეტად დაახლოებაშიც ადანაშაულებს, მაგრამ რეალურად, ამ ორი ქვეყნის ნამდვილ პარტნიორებად აღქმა რთულია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თურქეთი შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ თავი დამოუკიდებელ აქტორად წარმოაჩინოს. შეიძლება ითქვას, სწორედ ამით იყო განპირობებული რუსეთთან მიღწეული გარკვეული შეთანხმებები, როგორიცაა ერთ-ერთი საკმაოდ დიდი აჟიოტაჟის გამომწვევი მოვლენა, S-400-ების შეძენა, რასაც აშშ-ს მიერ თურქეთის მიმართ სანქციების დაწესება და F-35-ის პროგრამიდან მოხსნა მოჰყვა. 

ამ თუ თურქეთის რუსეთთან დაახლოების სხვა ფაქტების მიუხედავად, ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის შავ ზღვაში ეჯახება. ასევე, თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა მონაწილეებს უჭერენ მხარს სირიისა და ლიბიის ომებში. თურქეთი მხოლოდ იმ დონეზე უახლოვდება რუსეთის ფედერაციას, სადამდეც ეს მას აწყობს და პირიქით. ამიტომაც, დამოუკიდებელ აქტორობაზე პრეტენზიის ქონის მიუხედავად, გამორიცხული არაა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში რუსეთის დაბალანსება NATO-ს მეშვეობით სცადოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ანკარამ 2015 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკვე სთხოვა რეგიონში ძალების გაზრდა. 

სწორედ ამიტომ, როდესაც აქტიური საუბარი დაიწყო სტამბოლის არხზე, რომლის მეშვეობითაც, როგორც ვარაუდობენ, მონტროს კონვენციისთვის გვერდის ავლაა შესაძლებელი, მოსკოვში საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთში არხის გაყვანის მოწინააღმდეგე 104 ხელმომწერს შორის მრავალი ევრაზიონისტი იყო. ევრაზიონისტები თვლიან, რომ თურქეთს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ჰქონდეს არა დასავლეთთან, არამედ რუსეთთან და ჩინეთთან. 

 

მონტროს კონვენციის ცვლილების შესაძლებლობები

რეალურად, დიდი სამხედრო გემებისთვის არ აქვს მნიშვნელობა სტამბოლის არხს მონტროს კონვენცია შეეხება თუ არა, რადგან მისი დაგეგმილი სიღრმე (35 მეტრი) მათ ამ წყალში ცურვის შესაძლებლობას არ მისცემს. საქმე ის არის, სტამბოლის არხის გაყვანა რამდენად მისცემს თურქეთს მონტროს კონვენციის გადახედვისა და მასში ცვლილებების შეტანის საშუალებას. 2021 წლის 14 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სტამბოლის არხს მონტროს კონვენციასთან შეხება არ ექნებოდა. თუმცა რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ პროექტმა 1936 წლის შეთანხმებაზე არ იმოქმედოს. 

ერთ-ერთი დიდი კითხვის ნიშანი, რასაც სტამბოლის არხი აჩენს, არის ის, თუ როგორ გახდება ის თურქეთისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის წყარო, როგორც მას ერდოღანი საკუთარ გეგმებში აღწერს. რატომ უნდა ერჩივნოთ გემებს სრუტეების უფასო მარშრუტის ნაცვლად, ფასიანი სტამბოლის არხით გავლა, როგორ აიძულებს მათ თურქეთი ამას? თუკი თურქეთის მთავრობას მონტროს კონვენციასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები არ აქვს, მაშინ რატომ გადაწყდა სარისკო ძვირადღირებული ეკონომიკური პროექტის გაკეთება? სწორედ ეს კითხვა ახსენა ამერიკელმა დიპლომატმა და აზერბაიჯანში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, მეთიუ ბრაიზამ Jamestown Foundation-ის ვებინარზე. “დაახლოებით 2 წლის წინ მე ვესაუბრებოდი ერთ-ერთ ადამიანს, ვისაც სურს, რომ [სტამბოლის არხის] პროექტში უძრავ ქონებაში ინვესტიცია ჩადოს. ვკითხე, როგორ უნდა მიიღოთ რაიმე სახის შემოსავალი სტამბოლის არხისგან, თუ გემებს ბოსფორითა და დარდანელით უფასო გავლა შეეძლებათ-მეთქი. მან მიპასუხა, კარგი კითხვაა, როგორც ვხვდები მონტროს კონვენცია უნდა დასრულდესო”. – ყვება მეთიუ ბრაიზა.

ეს არის ის კითხვები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს მონტროს კონვენციის გადახედვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სტამბოლის არხის გემებს აარიდებს მხოლოდ ბოსფორის და არა დარდანელის სრუტის გავლას. 

რაც შეეხება რუსეთის შეხედულებებს მონტროს კონვენციის ცვლილებასთან დაკავშირებით, მათი პოზიცია ამბივალენტურია. ერთის მხრივ, მოსკოვი ითხოვს მონტროს კონვენციის დაცვას, მეორეს მხრივ, გაჟღერებულა 1936 წლის შეთანხმების ცვლილების ან თავად რუსეთის მიერ “დიდი წითელი ხაზის გადასმის” შესაძლებლობა და ისეთი არარეალური სცენარი, როგორიცაა სრუტეებზე რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის გავრცელება. კრემლის შეხედულებების ამბივალენტურობის გასააზრებლად რამდენიმე მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. 

2019 წლის მარტში რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა, მიხაილ ალექსანდროვმა თქვა, რომ კონვენციის გადახედვა კარგი იდეა იყო და ამით, შესაძლოა, მოსკოვს ესარგებლა. ამ მოსაზრების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ რუსეთს კონვენციის ცვლილება დასავლეთისთვის უნდა დაესწრო. 2019 წლის სექტემბერში საპირისპირო განცხადება გააკეთა სენატორმა ოლგა კოვიტილიმ, რომელიც რუსეთის ფედერაციის სხდომაზე ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენელია. მისი თქმით, მონტროს კონვენცია მნიშვნელოვანია პოტსდამ-იალტის შემდგომი მსოფლიოს არსებობისთვის. მისი მოსაზრება პირდაპირ ირეკლავს კრემლის შეხედულებას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი სამყარო მოსკოვისთვის უცვლელი რეალობაა. 

რა თქმა უნდა, თურქეთი კონვენციის ცვლილებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეეცდება. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამით, შესაძლოა, რუსეთმა ზარალის ნაცვლად ისარგებლოს. მათი აზრით, თურქეთს არ აწყობს შავ ზღვაში დასავლეთის გაზრდილი ძალების ყოფნა, რაც მოსკოვს კონვენციის გადახედვის დროს, თურქეთთან პარტნიორობის საშუალებას აძლევს. ალბათ, ეს მოსაზრება არ ითვალისწინებს თურქეთისთვის შექმნილ იმ არაპროპორციულ ვითარებას, რაც დღეს შავ ზღვაში არსებობს. 

ანკარასთვის შავიზღვისპირეთში უპირველესი საფრთხე რუსეთია და ამის გამო, როგორც მაღლა იყო ნახსენები, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ს რეგიონში მეტი ქმედებისკენ მოუწოდა. იმაზე, რომ თურქეთს შავიზღვისპირეთში რუსეთთან თანამშრომლობა არ სურს, მიუთითებს ანკარას პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან. მაგალითად, 2019 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თურქეთმა 100 მილიონი ლირით დააფინანსა, რაც დაახლოებით 12 მილიონი დოლარია. ასევე, საქართველო არის თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი სამხედრო კოოპერაციის წევრი. რუსეთისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელი პარტნიორობა აქვს ანკარას კიევთან. 2020 წლის თებერვალში თურქეთმა უკრაინას 36 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, ასევე შეთანხმდნენ თავდაცვის სექტორში თანამშრომლობაზე. ამას გარდა, უკრაინამ შეიძინა 6 ცალი Bayraktar TB2-ის ტიპის თურქული დრონი და მეტიც, შესაძლოა, თურქეთმა მათი წარმოება უკრაინაშიც დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა, 2019 წელი

თუკი მონტროს კონვენციაში ცვლილებების შეტანა რუსეთის საწინააღმდეგოდ მოხდება, საქართველოს პორტებს უფრო დიდი ხნითა და მეტი რაოდენობით შეეძლებათ აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების გემების მიღება, საქართველოს სამხედრო ძალებს კი – მათთან ერთად ვარჯიშებში მონაწილეობა და გამოცდილების გაუმჯობესება. 

რა თქმა უნდა, თურქეთი მონტროს კონვენციის ცვლილებას ისე ეცდება, რომ რეგიონში მასზე დიდი კონტროლი არც რუსეთმა და არც დასავლეთმა არ მოიპოვოს. ცვლილების შემთხვევაში შეეცდება, რომ დასავლეთის ძალების შავ ზღვაში დაშვება საკუთარი სურვილის მიხედვით იყოს შესაძლებელი. შესაძლოა სტამბოლის არხი გარკვეულწილად, მცირე დონეზე მაინც, მართლაც იქცეს რეგიონში რუსეთის გავლენის შემაჩერებელ ბერკეტად.

კომენტარები