სტამბოლის არხი

ერდოღანი: სტამბოლის არხს საფუძველს ივნისის ბოლოს ჩავუყრით

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლის არხის პროექტს საფუძველს ივნისის ბოლოს ჩაუყრიან. პროექტზე მუშაობის დაწყება ერდოღანმა ამ წლის 7 აპრილს გამოაცხადა.

სტამბოლის არხი შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. თურქეთის მთავრობის თქმით, არხი თურქეთის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს. 

პროექტს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. სტამბოლის არხის იდეის კრიტიკოსები თვლიან, რომ არხის აშენება მონტროს კონვენციისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა და ეს თურქეთის ინტერესებზე ცუდად აისახება. 

კონვენცია 1936 წელს გაფორმდა და ის თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლის საშუალებას აძლევს. კონვენცია უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე, მის ფარგლებში, იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რომლებიც შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, ეზღუდებათ შავი ზღვის წყლებში გაჩერების პერიოდი. ასევე, ამ კონვენციით შეზღუდულია სავაჭრო გემების გადასაზიდი ტვირთის წონა და სამხედრო ხომალდებისა და შეიარაღების რაოდენობა. 

2021 წლის აპრილში, თურქეთში 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბოლის არხის შენების შესახებ. მათი აზრით, ამ არხის გახსნა დაარღვევდა მონტროს საზღვაო კონვენციას და ერდოღანს მისი დაცვისკენ მოუწოდებდნენ. 

თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა. მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს. 

სამხედროთა დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სტამბოლის არხს მონტროს კონვენცია არ შეეხებოდა.

"სტამბოლის არხი, რომელსაც მონტროს კონვენციასთან შეხება არ ექნება, თურქეთს დიდ კომფორტსა და მშვიდობას მოუტანს". – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, საპრეზიდენტო ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საბოლოოდ 2021 წლის 29 მაისს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ არხის შენება ივნისის ბოლოდან დაიწყებოდა. 

"დაახლოებით ივნისის ბოლოს სტამბოლის არხის შენებას დავიწყებთ. არსებობენ და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტით უკმაყოფილოები არიან. ვფიქრობ, რომ სტამბოლის მოქალაქეებს ეს პროექტი მოეწონებათ. როდესაც არხს დავასრულებთ სტამბოლის სილამაზე, გეოგრაფიული და სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება. სტამბოლის არხზე ექვსი ხიდი იქნება გადებული". – თქვა ერდოღანმა.

 

კომენტარები