საქართველოსთვის 2021

გახარია: მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ ყოფილან

ტაბულა

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არც ახლა არსებობენ და არც მისი ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს არსებობდნენ.

წამყვანმა მას შეახსენა მისი პრემიერმინისტრობის დროს ამერიკის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილები, სადაც პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე იყო საუბარი, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ის მათ პოზიციას არ იზიარებს.

"დღესაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდა და არ არსებობს. პოლიტპატიმრების კონტექსტში, რა თქმა უნდა, [სენატორებს] არ ვეთანხმები და მე ეს პოზიცია დღესაც დავაფიქსირე [ვაშინგტონში].

მე პრემიერობიდან თუ გადავინაცვლე სხვა პოლიტიკურ სივრცეში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოზიციებს ვიცვლი ერთ დღეში და ერთ თვეში, მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ ყოფილან. უბრალოდ, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულმა და ხშირ შემთხვევაში უგუნურმა პოლიტიკამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში გაჩნდა ჩანაწერი პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით", - თქვა მან.


ადამ კინზინგერი პირველი კონგრესმენი იყო, ვისგანაც 2019 წელს, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ კრიტიკული წერილი მიიღო. წერილში კონგრესმენები ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ, თავზარდამცემია.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

30 იანვარს საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი იყვნენ, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუკი პროცესები საქართველოში ასე გაგრძელდება, "ამერიკა შეიძლება, იძულებული გახდეს, საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს". 

კომენტარები