პრაიდის კვირეული

"ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას" – პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან

მთავარი არხი

პუტინისტური ჯგუფები 5 ივლისს შეკრებას და ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებენ. 

ქართული მარში, გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, ლევან ვასაძის ერი, პუტინისტური მედია ალტ-ინფო და სხვა რადიკალური ჯგუფები დღეს, 24 ივნისს შეიკრიბნენ და  ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

"ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 5 ივლისს, 10 საათზე შევიკრიბებით ქაშუეთის უკან და იქიდან ჩვენ დავიკავებთ მთელს რუსთაველის პროსპექტს. რუსთაველის ძეგლით დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. 

გაითვალისწინონ, როგორც სახელმწიფომ ისე იმ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება".- თქვა ალტ-ინფოს წარმომადგენელმა, ზურა მახარაძემ. 


Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ Tbilisi Pride-ს ღონისძიების გასაუქმებლად 10-დღიანი ულტიმატუმი წარუდგინა, რომელიც 25 ივნისს იწურება. 

18 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "კონტექსტის" გათვალისწინებით, ორგანიზაციას ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვას. ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ კი 18 ივნისს თქვა, რომ LGBTQ საზოგადოება ხმამაღლა გამოხატვაზე "საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი განცხადებები დაგმეს და აღნიშნეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. 

კომენტარები