ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ცენზურის საპასუხოდ, გამოცემა APPLE DAILY ბლოკჩეინზე გადასვლას გეგმავს 

ჰონგ-კონგის ყველაზე მსხვილი პროდემოკრატიული გაზეთი Apple Daily იხურება. გასულ კვირას გამოცემის ოფისებში რეიდი მოეწყო, რაც დაკავშირებულია ბრალდებებთან, რომ გაზეთის საქმიანობა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების კანონს არღვევს.

მთავრობის ცენზურისა და კონტროლის საპასუხოდ, იგეგმება გაზეთის ბლოკჩეინზე ატვირთვა, რაც შეუძლებელს გახდის მის გათიშვას, შეჩერებას ან წაშლას. 

დეცენტრალიზებული ბლოკჩეინსისტემა მსოფლიოს მასშტაბით დაცულობისა და უტყუარობის გარანტიას იძლევა. 

ტრადიციული ცენტრალიზებული სერვერებისა და ჰოსტინგკომპანიებისგან განსხვავებით, ბლოკჩეინზე ატვირთული ინფორმაცია სცდება სახელმწიფოს კონტროლის ფარგლებს. 

Apple Daily აქტიურად აკრიტიკებდა ჰონგ-კონგისა და ჩინეთის მმართველობას, უშიშროების კანონის მიღებას და წნეხს ჰონგ-კონგის დემოკრატიულ მოძრაობაზე.

Amnesty International-ის შეფასებით, გამოცემის დახურვა "ჰონგ-კონგის უახლეს ისტორიაში მედიის თავისუფლებისთვის ყველაზე შავი დღეა".

"მთავრობამ გაზეთი კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებისთვის და ჰონგ-კონგის საკითხის საერთაშორისო გამოხმაურებების გაშუქებისთვის დახურა. ეს არის მიუღებელი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
 

კომენტარები