ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ყველაზე მსხვილი პროდემოკრატიული გამოცემა APPLE DAILY იხურება

axios.com

ჰონგ-კონგში ყველაზე მსხვილი პროდემოკრატიული გაზეთი Apple Daily იხურება. გასულ კვირას გამოცემის ოფისებში რეიდი მოეწყო, რაც დაკავშირებულია ბრალდებებთან, რომ გაზეთის საქმიანობა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების კანონს არღვევს.

რეიდის შემდეგ კომპანიასთან დაკავშირებული ანგარიშები გაყინეს. პოლიციამ ასევე დააკავა გამოცემის მთავარი რედაქტორი და ხუთი აღმასრულებელი პირი.

Daily Apple აქტიურად აკრიტიკებდა ჰონგ-კონგისა და ჩინეთის მმართველობას, უშიშროების კანონის მიღებას და წნეხს ჰონგ-კონგის დემოკრატიულ მოძრაობაზე.

Daily Apple-ის სარედაქციო ჯგუფმა დახურვის გადაწყვეტილება თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიიღო. გამოცემა მუშაობას 23 ივნისს, შუაღამისას შეწყვეტს. 

Amnesty International-ის შეფასებით, გამოცემის დახურვა "ჰონგ-კონგის უახლეს ისტორიაში მედიის თავისუფლებისთვის ყველაზე შავი დღეა".

"მთავრობამ გაზეთი კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებისთვის და ჰონგ-კონგის საკითხის საერთაშორისო გამოხმაურებების გაშუქებისთვის დახურა. ეს არის მიუღებელი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, გამოცემის დამფუძნებელი ჯიმი ლაი სხვადასხვა ბრალდებებით არის დაკავებული, რომელთა შორისაა 2019 წელს არაავტორიზებულ შეკრებაში მონაწილეობა. მედია მაგნატი ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო.

კომენტარები