აშშ-ს სენატი

აშშ-ს სენატში ერაყში სამხედრო ძალის გამოყენების 2002 წლის ავტორიზაციის გაუქმება განიხილება

აშშ-ს 25-ე ქვეითთა დივიზიის 1-ელი ბრიგადის ჯარისკაცები ერაყში, 2019 წლის 31 დეკემბერი
Reuters

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ს სენატში ერაყში სამხედრო ძალის გამოყენების 2002 წლის ავტორიზაციის გაუქმება განიხილება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესი მინიმუმ 1 დღით შეფერხდა. 

დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის ქვეშ მყოფ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ერაყში სამხედრო ძალის გამოყენების შეწყვეტაზე კენჭისყრის ჩატარება ოთხშაბათს, 23 ივნისს სურდა, მაგრამ გადაიდო. პროცესის გადადება მოითხოვა ხუთმა სენატორმა: მიტ რომნიმ, მაიკ რაუნდსმა, მარკო რუბიომ, რონ ჯონსონმა და ბილ ჰაგერტიმ. 

"ჩვენ სრულად უნდა შევაფასოთ საბრძოლო ვითარება [ერაყში], 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის გაუქმების შედეგები ჩვენი მეგობრებისთვის და როგორი რეაქცია ექნებათ მოწინააღმდეგეებს ISIS-სა (ე.წ. ისლამურის სახელმწიფო) და ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების სახით".  – ამბობენ სენატორები, რომლებმაც პროცესის გადადება მოითხოვეს. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას მხარი დაუჭირა 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის გაუქმების კანონმდებლობას. გაუქმებას მხარს უჭერს თავად პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. 

"აშშ-ს [ერაყში] ამჟამად არ აქვს ისეთი სამხედრო აქტივობები, რომლებიც ეყრდნობიან 2002 წლის სამხედო ძალის გამოყენების ავტორიზაციას, როგორც შიდა სამართლებრივ საფუძველს. 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის გაუქმებას, სავარაუდოდ, მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე მინიმალური გავლენა ექნება". – ამბობენ ჯო ბაიდენის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისში.

როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ერაყში 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის ძალაში ყოფნა აშშ-ს პრეზიდენტებს ამ აქტთან დაუკავშირებელი იერიშების გამართლების საშუალებას აძლევს, მაშინ, როცა ერაყის ომის დასრულებიდან 10 წელია გასული. 

წარმომადგენელთა პალატამ ამ ავტორიზაციის გაუქმების იდეა 2020 წლის იანვარშიც წამოაყენა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანის ერაყის ტერიტორიაზე მოკვლის გასამართლებლად 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაცია გამოიყენა. მაშინ რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობით დაკომპლექტებულმა სენატმა ეს კანონპროექტი არ გაატარა. 

ავტორიზაციის გაუქმების მომხრეები ამბობენ, რომ დროა, პრეზიდენტებს შეუზღუდონ კონგრესის დამტკიცების გარეშე ფართო, საერთაშორისო სამხედრო ქმედებებზე ბრძანების გაცემის უფლება. ამის მაგალითად მათ სწორედ ყასემ სოლეიმანის შემთხვევა მოჰყავთ. 

ავტორიზაციის გაუქმების მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ ერაყში 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის გაუქმება მისი ჩამნაცვლებელი რეზოლუციის გარეშე პრეზიდენტის ძალაუფლებას სახიფათოდ შეზღუდავს და ასევე, ეს ქმედება იქნება მიღებული, როგორც აშშ-ს მიერ ახლო აღმოსავლეთის დატოვება. 

კომენტარები