შვედეთი

შვედეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

შვედეთის პრემიერმინისტრი სტეფან ლოვენი
REUTERS

შვედეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრს სტეფან ლოვენს უნდობლობა გამოუცხადა. გადაწყვეტილებას მხარი 349 პარლამენტარიდან 181-მა დაუჭირა მხარი, 51-მა თავი შეიკავა. შვედეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტმა პრემიერმინისტრს უნდობლობა გამოუცხადა.

სტეფან ლოვენს ორი კვირა აქვს თანამდებობიდან გადადგომისთვის ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის.

პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბინის ქირის კონტროლთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო მემარცხენე პარტიამ სამთავრობო კოალიცია დატოვა. შედეგად უმცირესობის სამთავრობო კოალიცია დაიშალა.

თუ პრემიერმინისტრი გადადგომას გადაწყვეტს, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის სპიკერი პარტიებს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

შვედეთის მემარცხენე პარტია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გასულ კვირას გამოვიდა. რაც დაკავშირებულია შვედი დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივასთან, გაუქმდეს ბინის ქირის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი. ინიციატივას არც პრემიერმინისტრის პარტია იზიარებდა, თუმცა მზად იყო საკითხის განხილვისთვის. ცვლილებას ორი მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტია უჭერდა მხარს.

შვედეთის ახალი მთავრობა ქვეყნის სათავეში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება, რომელიც მომავალი წლის სექტემბერშია ჩანიშნული.

ბინის ქირის მაქსიმალური ოდენობის ზღვრის გაუქმება შვედეთში დიდი ხანია, დავის საგანია. ქვეყანაში ბინების ნაკლებობის პრობლემა არსებობს, რაც ბინის ქირის მაღალ ოდენობას იწვევს. თუმცა ამ საკითხის გამო მთავრობის დაშლას არავინ ელოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად მემარცხენე-ცენტრისტი პრემიერმინისტრი სტეფან ლოვენი ბინის ქირის ოდენობის კონტროლს ემხრობა. მისი კოალიცია ინიციატივის განხილვას მხოლოდ მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიების კეთილგანწყობის მოპოვებისთვის გეგმავდა, რათა უმცირესობის მთავრობის მხარდაჭერა გაეძლიერებინა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოკავშირე მემარცხენე პარტიის მხარდაჭერა დაკარგა.

კომენტარები