ნაფთალი ბენეტი

ბენეტი ირანზე: რაისის არჩევა მსოფლიოსთვის ბირთვულ შეთანხმებამდე გამოფხიზლების ბოლო შანსია

ნაფთალი ბენეტი

ისრაელის ახალი პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისის გამარჯვებასა და ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობებს გამოეხმაურა.

"რაისის არჩევა, ვიტყოდი, რომ მსოფლიო ძალებისთვის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებამდე გამოფხიზლების ბოლო შანსია. უნდა მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე... არასდროს უნდა დავუშვათ, რომ დაუნდობელი ჯალათის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს. ამაზე ისრაელის პოზიცია არ შეიცვლება". – თქვა პრემიერმა ბენეტმა. 

ნაფთალი ბენეტი თვლის, რომ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რაისის გამარჯვება არა დემოკრატიული პროცესი, არამედ აიათოლა ალი ხამენეის ნება იყო. 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გუშინ, 19 ივნისს ხისტი პოლიტიკით ცნობილმა ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისის ბრალად ედება 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯა, ასევე ის დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში. ამის გამო მისთვის აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული. სწორედ ეს ბრალდებები იგულისხმა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფთალი ბენეტმა სიტყვებით "ჯალათის რეჟიმი".

ამჟამად ირანსა და მსოფლიოს ძალებს შორის მიმდინარეოbს მოლაპარაკებები ახალ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. 2015 წლის ბირთვულმა შეთანხმებამ მას შემდეგ დაკარგა ძალა, რაც ის აშშ-მ 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ თვლიდა, რომ ირანი არღვევდა შეთანხმების პირობებს და შემაკავებელი ბერკეტის საპირისპირო შედეგს იძლეოდა. 2021 წლიდან ირანმა აქტიურად დაიწყო ურანის გამდიდრება, თუმცა საბოლოოდ აშშ და ირანი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. 

ისრაელი არც 2015 წლის და არც ახლანდელ შეთანხმებას არ უჭერს მხარს, რადგან თვლიან, რომ მსგავსი შეთანხმებით ირანის სწრაფვას, ბირთვული იარაღის შექმნისკენ, ვერ შეაჩერებენ.

კომენტარები