კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, სულ 20 გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყანაში სულ ამ შტამით ინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა. 

"18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ ბრიტანული და ინდური შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად". – თქვა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ცნობით. 

15 ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ინდური შტამის 18 შემთხვევაა გამოვლენილი და ის გავრცელებას იწყებს. 

19 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 769 შემთხვევა, ამასთან ერთად, გამოჯანმრთელდა 460 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით 358 360 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 5 148 გარდაიცვალა.

კომენტარები