ნინოწმინდის პანსიონი

მეუფე იაკობი პანსიონზე: თანამშრომლები, ვისთანაც პრეტენზიები იყო, აღარ დაიშვებიან

ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, ის თანამშრომლები, რომლებთან დაკავშირებითაც პრეტენზიები იყო და ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა რამე ნათქვამი, ნინოწმინდის პანსიონში აღარ დაიშვებიან.

"ვინმეზე ერთ ბავშვს მაინც თუ ქონდა რაღაც ნათქვამი, არ ვარკვევთ, მართალია თუ მტყუანია ის ბავშვი, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან და ჩვენთან არ იქნებიან. 

ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არაა. ვინც გავუშვით, ზოგთან, რა თქმა უნდა, მქონდა პრეტენზიები. როგორ შეაფასებენ ამას არ ვიცი, ეგ ჩემი შესაფასებელი არაა.

ასეთი დაწესებულებები სადაცაა, ესაა ძალიან მოძველებული ფორმა, ასეთები რომ იყო, არ შეიძლება, ამიტომ მიდის შეცვლები, ჩვენ ქვეყანაში ბავშვებს ვერ ვუვლიდით, ახლა 2022 წლის პირველ აპრილამდე არის ლიცენზირებული ასეთი სასწავლებლები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც შევცვლით და დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით", - თქვა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა დღეს, 17 ივნისს გაიმართა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა,  მეუფე იაკობთან ბევრ საკითხზე იყო თანხმობა და მომავალ კვირას ერთად ჩავლენ პანსიონში.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები