კორუფცია

TI: მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ სისტემურ რეფორმაზე

ფოტო: Shutter Stock

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ქვეყანაში კორუფციისა და ნეპოტიზმის ტენდენციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მიუხედავად კონკრეტული ფაქტებისა, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ დრომდე არ გადადგმულა სისტემური ნაბიჯები ამ პრობლემის წინააღმდეგ და პოლიტიკოსები ამაზე მხოლოდ თანამდებობის დატოვების შემდეგ საუბრობენ. 

"ბოლო პერიოდში პოლიტიკური დისკუსიების დროს აქტუალური გახდა ნეპოტიზმისა და კორუფციის საკითხები. განვითარებული მოვლენები მიუთითებს იმ სამწუხარო რეალობაზეც, რომლის დროსაც პოლიტიკოსები მხოლოდ მაღალი თანამდებობების დატოვების შემდეგ საუბრობენ მწვავედ კორუფციის პრობლემებზე, რომლის პრევენცია და მასთან გამკლავება სწორედ მათ მოვალეობას წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული მედია საშუალებები წლებია საუბრობენ კორუფციის კონკრეტულ ფაქტებსა და ტენდენციებზე, ისევე, როგორც ამ პრობლემებთან ბრძოლის სისტემურ გზებზე, საქართველოს მთავრობის მხრიდან არ გადადგმულა სისტემური ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ. სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებში ოცნების ყოფილი გუნდის წევრებზე გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნეპოტიზმის ის შემთხვევები, რომლებიც საჯარო დისკუსიის საგანი ხდება, ზღვაში წვეთია პრობლემის რეალურ მასშტაბთან შედარებით". – წერია განცხადებაში.

TI-ს თანახმად, ამ პრობლემასთან საბრძოლველად უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკორუფციული სააგენტო და კორუფციის ცალკეული გამოვლინებების, მაგალითად, ნეპოტიზმის წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმები უნდა შეიქმნას.

"ნეპოტიზმი, როგორც კორუფციის გამოვლინება, უკიდურესად გავრცელებულია ქვეყნის საჯარო სამსახურში. ამის შესახებ უკვე წლებია კონკრეტული მაგალითებით ვსაუბრობთ ჩვენს კვლევებში. სწორედ ამის გამო, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვიდა საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით, რაც, სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული.

მოვუწოდებთ მთავრობასა და პარლამენტის ახალ შემადგენლობას, დაიწყოს მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ სისტემურ და რეალურ რეფორმაზე, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს ჩამოყალიბებას და ასევე, კორუფციის ცალკეული გამოვლინებების, მაგალითად ნეპოტიზმის, წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შექმნას". – წერს TI.

TI-ს კვლევა საქართველოში ნეპოტიზმისა და თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმების შესახებ იხილეთ აქ.

კომენტარები