რუსეთი

რუსი ვიდეობლოგერი სიმღერაში "ტერორიზმისკენ მოწოდების" გამო დააკავეს

იური ხოვანსკი
The Moscow Times

პოპულარული რუსი ვიდეობლოგერი იური ხოვანსკი ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს. ბრალდება დაკავშირებულია ხოვანსკის სიმღერასთან, რომელშიც 2002 წელს მოსკოვში, დუბროვკის თეატრში მომხდარ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. გამოძიების თანახმად, შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებებს, ტერორიზმის გამართლებასა და მის პროპაგანდას.

იური ხოვანსკი, რომელსაც YouTube-ზე 4.4 მილიონი გამომწვევი ჰყავს, სანქტ-პეტერბურგში 8 ივნისის საღამოს დააკავეს, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ხოვანსკის სიმღერით გეგმავდა "ტერორისტული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას" და ტერორიზმის "მიმზიდველობის" წარმოჩენას.

"ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სიმღერა შეიცავს საჯარო მოწოდებებს ტერორისტული აქტების ჩადენისკენ, ტერორიზმის საჯარო გამართლებასა და მის პროპაგანდას". – ამბობს საგამოძიებო კომიტეტი.

უწყების თანახმად, სიმღერა ასევე შეიცავს "მუქარის ნიშნებს, დამცირებასა და ძალადობას ადამიანთა ჯგუფების წინააღმდეგ ეროვნულობის ნიშნით".

სიმღერა ნორდ-ოსტი, რომელთანაც დაკავშირებულია ვიდეობლოგერის დაკავება, 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა. სიმღერაში იური ხოვანსკი ირონიულად "უჭერს" მხარს 2002 წლის 2 ოქტომბერს დუბროვკის თეატრში სპექტაკლ "ნორდ-ოსტის" დროს მომხდარ თავდასხმას, სიმღერაში ის რუსი ბავშვების მკვლელობას "იწონებს" და ჩეჩნებს "მოუწოდებს", კიდევ ჩაატარონ ქვეყანაში ტერორისტული აქტები.

ვიდეოში, რომელიც ხოვანსკის დაკავებაა გადაღებული, ვიდეობლოგერი სამართალდამცველებს ეუბნება, რომ სიმღერა საჯაროდ არასოდეს შეუსრულებია. თუმცა, მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტის გავრცელებულ ვიდეოში იური ხოვანსკი ბრალს აღიარებს.

თებერვალში ხოვანსკი ამბობდა, რომ სიმღერის შესრულებას და მის გავრცელებას კონკურენტ ვიდეობლოგერს აბრალებს.

2002 წლის ოქტომბერში ჩეჩენთა დაჯგუფება მოსკოვში დობროვკის თეატრში სპექტაკ ნორდ ოსტის დროს შეიჭრა და 916 ადამიანი მძევლად აიყვანა. თეატრის ალყა ორნახევარი დღე გრძელდებოდა. საბოლოოდ რუსეთის უშიშროების ძალებმა თეატრში ტოქსიკური გაზი შეუშვეს, რათა ტერორისტები გაეთიშათ და მძევლები გაეთავისუფლებინათ. ტოქსიკური აირისგან 130 მძევალი დაიღუპა, ოპერაციის დროს 40 თავდამსხმელი მოკლეს

კომენტარები