ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ენკას ოფისის კარი წითელი ლენტით დალუქეს

მთავარი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა პროტესტის 224-ე დღეს გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლეს და ენკას ოფისთან ე.წ. ხმაურის აქცია გამართეს. ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანიის ოფისის შენობა წითელი ლენტით დალუქეს. აქტივისტებმა სამშენებლო ადგილზე სამუშაოების შეწყვეტა, კომპანიის მიერ ქვეყნის დატოვება და რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღება მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ კომპანიასთან არანაირი შეკითხვა არ აქვთ და ენკა ამ პროცესში დაზარალებულიც კია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეტენზიები ინვესტორთან მაინც აქვთ.

"ხმაურის აქცია უკვე ტრადიციაა ჩვენთვის და ჩავთვალეთ, რომ ენკასთვის თავის შეხსენება არ იქნებოდა ურიგო, მართალია, ჩვენ მისი მისამართით შეკითხვები არ გვაქვს და ბრალეულობა მისი მთელ ამ საქმეში მინიმალურია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაზარალებულიც კია ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მას ხელში უჭირავს ხელმოწერილი ხელშეკრულება და შეუძლია ბევრი რამე გაითვალისწინოს, მაგრამ მაინც გვაქვს მასთან პრეტენზიები, ჩვენ ვითხოვთ მის გასვლას და სამუშაოების შეწყვეტას". – თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები შემდეგ აქციას საქალაქო სასამართლოსთან გამართავენ, სადაც, 5 საათზე, 8 დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

23 მაისიდან თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო რამდენიმე აქცია გაიმართა. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

2 ივნისს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეფასებული.

კომენტარები