ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ლომჯარია: განჩინებით, საფრთხე ზოგადი მდგომარეობაა, არ შეიძლება აღიქვან მხოლოდ შშმ-ებისთვის

Ombudsman

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება სასამართლოს მიერ PHR-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ. ომბუდსმენი არსებითად გამოყოფს იმ ფაქტს, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს.

"საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე". – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.

"აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება". – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.


სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები