ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

სუბარი ნინოწმინდაზე: გავოგნდი, რომ ომბუდსმენი 2018-დან არ შესულა, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში

სოზარ სუბარი

"როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა,  ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საქმეზე თქვა. მან აღნიშნა, რომ პანსიონში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან. სუბარის ინფორმაციით, ადგილზე ჩავლენ ფსიქოლოგებიც.

"2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო" - თქვა სუბარმა ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ "სახალხო დამცველს უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს".

"ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი, დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად მაშინაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

დღეს, 4 ივნისს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები