საქართველო-პოლონეთი

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულადაც შეუშვებს, სიახლე საჰაერო საზღვარს ეხება

ვარშავა
Getty Images

საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. ცვლილება მხოლოდ საჰაერო საზღვარს ეხება. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 7 მაისს განაახლა, 31 მაისს კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს.

"საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც". – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მიმდინარე წლის 25 მაისს პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა მინისტრთა საბჭოს ახალი ბრძანება, რომლის თანახმადაც მგზავრი იმ შემთხვევაში გათავისუფლდება სავალდებულო იზოლაციისგან, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო სწრაფ ტესტს ჩაიტარებს პოლონეთის რესპუბლიკაში ჩაფრენისთანავე, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლამდე და ტესტის ნეგატიურ პასუხს წარუდგენს მესაზღვრეს პოლონურ ან ინგლისურ ენაზე.

მიუხედავად ამ ბრძანებისა, ჯერჯერობით, პოლონეთის აეროპორტებში, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლამდე არსებული ტერიტორია არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტესტის ჯიხურებით). თუმცა, მგზავრს შეუძლია შევიდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, 48 საათის განმავლობაში გაიკეთოს ნებისმიერი ტესტი და პასუხი წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი გათავისუფლდება სავალდებულო 10-დღიანი კარანტინისგან (თვითიზოლაცია). თვითიზოლაციის ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ აცრის ორჯერადად ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს საჰაერო გზით ნებისმიერი მიზნით შეუძლია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა, ტრანზიტული მიზნით პოლონეთის ტერიტორიის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ მგზავრებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 4 დღით ყოფნის შემთხვევაში, მინიმუმ 300 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 70 ევროს) უნდა წარადგინონ. თუკი პირი 4 დღეზე მეტი ხნით გეგმავს პოლონეთის ტერიტორიაზე გაჩერებას, დღიური თანხა (სასტუმროს ხარჯის გარეშე) ერთ ადამიანზე შეადგენს მინიმუმ 75 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 20 ევროს), ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. თუ პირს არ გააჩნია უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მას ხელზე უნდა ჰქონდეს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენად განკუთვნილი შესაბამისი თანხა, მინიმუმ 2500 პოლონური ზლოტის (დაახლოებით 600 ევროს) ოდენობით.

საქართველოდან პოლონეთში პირდაპირი რეისები რამდენიმე ქალაქის მიმართულებით სრულდება - (თბილის-ვარშავა, LOT), ბათუმი-ვარშავა (LOT, 7 ივნისიდან), ქუთაისი-ვარშავა (Wizzair), ქუთაისი-გდანსკი (Wizzair), ქუთაისი-კატოვიცე (Wizzair), ქუთაისი-ვროცლავი (ივნისის ბოლოდან).

კომენტარები