Covid-19-ის წარმოშობა

Facebook-ი აღარ წაშლის პოსტებს, სადაც წერია, რომ COVID-19 ხელოვნურადაა შექმნილი

ფოტო: BBC.COM

კომპანია Facebook-ის ინფორმაციით, სოციალური პლატფორმიდან აღარ წაიშლება ისეთ პოსტები, სადაც წერია, რომ COVID-19 არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად შეიქმნა. 

CNN-ის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების გაძლიერების მოთხოვნას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული წესდების თანახმად, მსგავსი შინაარსი პოსტებს Facebook-ის ალგორითმი დეზინფორმაციად მიიჩნევდა და პლატფორმიდან ავტომატურად შლიდა.

თუმცა საკითხის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულების შეცვლას და გამოძიების შედეგად ახალი ინფორმაციის გავრცელებას თან მოჰყვა სოციალური მედიის პოლიტიკის შეცვლაც. 

საკითხის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა ამერიკის პირველმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმაც, მისი თქმით, ის დარწმუნებული არ არის, რომ COVID-19 ბუნებრივად წარმოიქმნა და გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. 

"დარწმუნებული არ ვარ და ვფიქრობ, რომ გამოძიება იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ზუსტად არ დავადგენთ, თუ რა მოხდა ჩინეთში". – თქვა ფაუჩიმ. 


2021 წლის თებერვალში ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.

მკვლევართა ჯგუფი ჩინეთს სთხოვდა, დაუყოვნებლივ გადაეცა ასიათასობით სისხლის ნიმუში, რომელთა გაზიარებაზეც მთავრობამ უარი თქვა. 

“ვირუსი უხანში დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. - თქვა ბენ ემბარეკმა, ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, CNN-თან რეპორტაჟის დროს.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე თქვა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის დაფიქსირების 174 შემთხვევის შესახებ. აქედან 100 შემთხვევა ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული, 74 კი დიაგნოსტიკურად, პაციენტთა სიმპტომებზე დაყრდნობით. თუკი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის 174-მდე შემთხვევა უკვე არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვის მეორე ნახევარში უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა.

CNN-ისა და The Wall Street Journal-ის ცნობებით, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის ანგარიშს ეყრდნობა, 2019 წლის ნოემბერში, COVID-19-ის გავრცელებამდე, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის 3 მკვლევარი მძიმედ დაავადდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმოს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. კვლევა გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს. 

14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი მეცნიერთა ჯგუფისთვის ორიგინალურ ინფორმაციასთან და საკვლევ ობიექტებთან შეზღუდული წვდომის გამო. ამ 14 ქვეყანაში შედიოდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და სლოვენია. ქვეყნები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კვლევის ჩატარებას ითხოვდნენ.

იგივე წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. უხანში გაგზავნილ მკვლევართა ჯგუფს საკვლევ სისხლის ნიმუშებსა და სხვა მასალას ჩინეთის მთავრობა შერჩევითი პრინციპით აწვდიდა. 

COVID-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული კვლევა გრძელდება.

კომენტარები