Covid-19-ის წარმოშობა

2019 წლის ნოემბერში, COVID-19-ის გავრცელებამდე, უხანში 3 ექიმს დაუდგენელი დაავადება სჭირდა

Time Magazine

CNN-ისა და The Wall Street Journal-ის ცნობებით, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის ანგარიშს ეყრდნობა, 2019 წლის ნოემბერში, COVID-19-ის გავრცელებამდე, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის 3 მკვლევარი მძიმედ დაავადდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. გამოკითხული ადამიანების მიხედვით, უცნობი იყო, თუ რა დაავადება სჭირდა 3 მკვლევარს. 

ცნობები, რომ 2019 წლის შემოდგომაზე უხანში რამდენიმე მკვლევარი დაავადდა და ჰქონდათ Covid-19-ისა და სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში გამოსცა. მაგრამ არ იყო ცნობილი დაავადებულთა რიცხვი, ზუსტი დრო და ის ფაქტი, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ეს დეტალები ჯანმოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს კრების წინა ღამეს გასაჯაროვდა. ჯანმოს ამ ორგანოს უნდა ემსჯელა Covid-19-ის წარმოშობის გამოძიების მომდევნო ფაზაზე.

მართალია Covid-19-ის სიმპტომები სეზონური გრიპის სიმპტომებს ჰგავს და ჩინეთში დაავადებულთათვის ჰოსპიტალიზაციაც არ არის იშვიათი პრაქტიკა, მაგრამ ინფორმაცია მაინც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორედ ამ ლაბორატორიაში მომუშავე 3 თანამშრომელს ,Covid-19-ის გავრცელების წინა პერიოდში, მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა დევიდ ეშერმა.

"ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მკაცრად დაცულ გარემოებებში (ვირუსოლოგიურ ლაბორატორიებში) მესამე დონის ლაბორატორიაში, რომელიც კორონავირუსებზე მუშაობს, სამი ადამიანი გრიპით დაავადდა და შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, ან ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო ერთსა და იმავე კვირაში და ამ ყველაფერს საერთო არ ჰქონდეს კორონავირუსთან". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა.

ვირუსის ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონვის თეორიას, რომელიც თავდაპირველად შეთქმულების თეორიად უფრო აღიქმებოდა, მას შემდეგ უფრო მეტად მიექცა ყურადღება, რაც ვირუსის წარმოშობის მკვლევართა ჯგუფი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ჩინეთის მთავრობა გამოძიების დროს არ იყო სრულად გამჭვირვალე, მალავდა დეტალებს და ლაბორატორიულ მონაცემებს ჯანმოს ჯგუფს სრულად არ აძლევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად უყურებენ ანგარიშში მოცემულ ცნობებს. The Wall Street Journal-ის მიხედვით, ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ მოცემული ფაქტები მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტ კვლევასა და გამოძიებას საჭიროებს.ზოგიერთის თქმით კი ეს ინფორმაცია დიდი მნიშვნელობისაა და სანდოა. 

მრავალი ეპიდემიოლოგი თვლის, რომ Covid-19-ის გავრცელება უხანში 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. ჩინეთის მთავრობის თქმით, პირველი დადასტურებული შემთხვევა 2019 წლის 8 დეკემბერს ფიქსირდება. 

უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს არ გაუზიარებია მონაცემები, უსაფრთხოებისა და ლაბორატორიული ჩანაწერების ღამურებში კორონავირუსების კვლევასთან დაკავშირებით, რაც ვირუსის წარმოშობის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება. 

ჩინეთის მთავრობა დიდი ხანია უარყოფს ვირუსის მათი ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობას. ჯანმოს საგამომძიებლო ჯგუფმა, უხანის ვირუსოლოგიურ ცენტრში ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა.

თავად ჩინეთი ითხოვს, განიხილონ Covid-19-ის სხვა ქვეყნიდან გავრცელების ვარიანტიც. კერძოდ, მათ სურთ გამოძიების ჩატარება აშშ-ში, მერილენდში, ფორტ დეტრიკის სამხედრო ბაზაზე, ასევე ჯანმოს მოუწოდებენ, რომ ვირუსის წარმოშობა სხვა ქვეყნებში გამოიკვლიონ.


2021 წლის თებერვალში ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.

მკვლევართა ჯგუფი ჩინეთს სთხოვდა, დაუყოვნებლივ გადაეცა ასიათასობით სისხლის ნიმუში, რომელთა გაზიარებაზეც მთავრობამ უარი თქვა. 

“ვირუსი უხანში დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. - თქვა ბენ ემბარეკმა, ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, CNN-თან რეპორტაჟის დროს.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე თქვა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის დაფიქსირების 174 შემთხვევის შესახებ. აქედან 100 შემთხვევა ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული, 74 კი დიაგნოსტიკურად, პაციენტთა სიმპტომებზე დაყრდნობით. თუკი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის 174-მდე შემთხვევა უკვე არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვის მეორე ნახევარში უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა.

30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმოს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. კვლევა გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს. 

14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი მეცნიერთა ჯგუფისთვის ორიგინალურ ინფორმაციასთან და საკვლევ ობიექტებთან შეზღუდული წვდომის გამო. ამ 14 ქვეყანაში შედიოდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და სლოვენია. ქვეყნები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კვლევის ჩატარებას ითხოვდნენ.

იგივე წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. უხანში გაგზავნილ მკვლევართა ჯგუფს საკვლევ სისხლის ნიმუშებსა და სხვა მასალას ჩინეთის მთავრობა შერჩევითი პრინციპით აწვდიდა. 

COVID-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული კვლევა გრძელდება. 

კომენტარები