სასამართლო რეფორმა

პარლამენტში შესული ოპოზიცია: 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გადაიდოს

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, პარტიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
 

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციურ ძალებს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (როგორც მოსამართლე ასევე არამოსამართლე) წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირების მიზნით. აღნიშნული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს, პარლამენტში უკვე შესულია. 

საბჭოს დაკომპლექტებისკენ გადადგმული ნაბიჯები, და/ან ამ ნაბიჯების მხარდამჭერი პოზიცია (თუნდაც გამართლებული ფორმალური სამართლებრივი საფუძვლებით), მანამ სანამ პარლამენტს არც კი დაუწყია მსჯელობა რეფორმის ამ ნაწილზე, ჩვენი მხრიდან შეფასებულია როგორც 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულების არშესრულების მცდელობა. 

სასამართლოს სწორი და სიღრმისეული რეფორმა ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის ქვაკუთხედია. აღნიშნული საკითხის აქტუალობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოს შესაბამისი რეფორმის განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაგრძელების მკაცრ წინაპირობას, რაზეც საუბარი იყო ელჩების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშიც.

საქართველოს მოქალაქეებს არაერთი წარუმატებელი სასამართლო რეფორმა ახსოვთ, ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ვერც რეფორმის პროცესმა და ვერც შედეგმა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ვერ შექმნა ნდობა. საზოგადოების ნდობა კი კრიტიკულად აუცილებელია - მის გარეშე შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები შედეგს ვერ გამოიღებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ა.წ. 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს. ახალი მოსამართლე წევრები არჩეულ უნდა იქნან ახალი წესით, რომლის შემუშავებაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს. ასევე, რეფორმა უნდა უსწრებდეს წინ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასაც.  

ჩვენის მხრივ, ვიღებთ ვალდებულებას, პარლამენტმა პრიორიტეტულად გამოყოს კონკრეტულად იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი და გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და მიღება, რათა ინსტიტუციების მუშაობა არ შეფერხდეს; ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სხვა საკითხების რეფორმირება განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა, როგორც ეს შეთანხმებაშია მითითებული.



განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • საპარლამენტო ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის
  • პოლიტიკური გაერთიანება სტრატეგია აღმაშენებელი
  • ხათუნა სამნიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
  • დავით ბაქრაძე დამოუკიდებელი დეპუტატი
     

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც

    XXIX რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს ჩატარდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.
     

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

    პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


    ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები