იუსტიციის უმაღლესი საბჭო

"კლანი უნდა დასრულდეს" – 26 მაისს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია გაიმართება

მოძრაობა სირცხვილიასა და დროას ორგანიზებით 26 მაისს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან (ნოდარ ბოხუას ქუჩა N19) გაიმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით – "კლანი უნდა დასრულდეს".

"მართლმსაჯულების სისტემას დაპატრონებული კლანი საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებასა და გავლენების გაფართოებას ცდილობს. ამ მიზნით, 2021 წლის 26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც მოსამართლეთა უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად წოდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანოა. საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს. 4 მოსამართლე წევრი მოსამართლეთა კონფერენციაზე, პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრის ხელშია მოსამართლეთა დანიშვნა, დაკავებული თანამდებობიდან მათი გათავისუფლება და დისციპლინარული სანქცირება. დღევანდელი მდგომარეობით მართლმსაჯულების სისტემაში გაბატონებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, რომელიც გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, სრულად აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, კლანს აქვს სრული კონტროლი მოსამართლეთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლეთა კონფერენციების მრავალწლიანი პრაქტიკა. მოსამართლეთა მიერ ყოველთვის იმ კანდიდატების არჩევა ხდება, რომლებიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წარდგენილები არიან". – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

სირცხვილია და დროა აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოს რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც. მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული არ არის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

"სასამართლო სისტემა ვერ გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გახდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო". – ნათქვამია განცხადებაში. 

საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას.​

კომენტარები