დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პალესტინელთათვის ისტორიულ გამარჯვებას უწოდებს

ჰეზბოლას წევრები

ლიბანში მოქმედი ირანის მიერ დაფინანსებული შიიტ ჯიჰადისტთა დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პალესტინელი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას უწოდებს

"ჰეზბოლა გმირ პალესტინელ ხალხსა და მათ შეუდრეკელ წინააღმდეგობას ულოცავს სიონისტი მტრის წინააღმდეგ მიღწეულ ისტორიულ გამარჯვებას". – აცხადებს დაჯგუფება. 

ჰეზბოლას 2006 წელს თავადაც ჰქონდა ომი ისრაელთან. დაჯგუფებას დიდი გავლენა აქვს ლიბანში. ჰეზბოლას აქვს ახლო ურთიერთობა ღაზის სექტორის მმართველ რადიკალისტთა დაჯგუფება ჰამასთან.

უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა 21 მაისს ისრაელის დროით 02:00-ზე, ეგვიპტის შუამავლობით. 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს კრიტიკა მოჰყვა ისრაელის ზოგიერთი პოლიტიკოსისგან.

ისრაელის პარტია ახალი იმედის ლიდერმა გიდეონ საარმა შეთანხმებას  შემაშფოთებელი უწოდა.

"მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვითა და საჰაერო ძალებით ნეთანიაჰუმ შეძლო და ჰამასთან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმა". – დაამატა საარმა.

უკმაყოფილება გამოთქვა ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმაც, რომელსაც ამჟამად, პრეზიდენტის ბრძანებით, მთავრობის ფორმირება ევალება, რაც უკვე ოთხჯერ ჩატარებული არჩევნებით ვერ მოხერხდა.

"სამხედროებმა მიცემული დავალებები წარმატებით შეასრულეს, მთავრობამ - ვერა". – თქვა იაირ ლაპიდმა.

შეთანხმებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა ექსტრემისტ-რელიგიურ-სიონისტი ბენ გვირისგანაც.

"ცეცხლის შეწყვეტის შემაშფოთებელი შეთანხმება არის საშინელი კაპიტულაცია ტერორთან და ჰამასის ზეწოლასთან". –  თქვა ბენ გვირმა.

შეთანხმებას ისრაელის მხარე იმ საფუძველზე დათანხმდა, რომ თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში არსებულ მიზნებს მიაღწიეს. 


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.

ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

17 მაისს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის 19 მაისს მეოთხე სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს ბაიდენმა უთხრა ნეთანიაჰუს, რომ  ელოდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 

20 მაისს გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 მაისს, სავარაუდოდ, შეთანხმება მოხდებოდა ისრაელსა და ჰამასს შორის.

აშშ, ეგვიპტე, კატარი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა ორივე მხარეზე ზეწოლას ცდილობდა, რათა ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე  მისულიყვნენ.

21 მაისს ისრაელსა და ჰამასს შორის მოხდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

 

კომენტარები