ინფლაციის დონით, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიხედვით, Trading Economics-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი ინფლაციის დონე 196 ქვეყნიდან მხოლოდ 33-შია.
2021 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს, 7.2%-ს მიაღწია.
ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობით უნარიანობის კლებას ნიშნავს.
2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტად სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა, კერძოდ, 15%-ით; ჯანდაცვის სფეროს მომსახურება 13.8%-ით გაძვირდა; საწვავის ფასები – 12.4%-ით; კომუნალური გადასახადები კი 7.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სურსათებს, ზეთის ფასი 40.2%-ით გაიზარდა; შაქარი და ტკბილეული 12.3%-ით გაძვირდა, ყავისა და ჩაის ფასი 10%-ით, პურის - 6.4%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის ფასები კი 6.1%-ით გაიზარდა.
მეზობელ სახელმწიფოებიდან ყველაზე მაღალი 17.1%-იანი ინფლაციის დონე თურქეთშია, სომხეთში – 6.2%, რუსეთში ინფლაცია 5.5%-ია, ხოლო აზერბაიჯანში - 4%.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენესუელაში დაფიქსირდა, სადაც ინფლაციის დონე 3 012%-ია; მეორე ადგილს 341%-ით სუდანი იკავებს, მესამეს კი – ზიმბაბვე, სადაც ინფლაცია 194%-ია.
ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოების ათეული:
- ვენესუელა – 3 012%
- სუდანი – 341%
- ზიმბაბვე – 194%
- ლიბანი – 158%
- სურინამი – 50.4%
- ირანი – 49.5%
- არგენტინა – 46.3%
- ანგოლა – 24.8%
- ზამბია – 22.7%
- ეთიოპია – 19.2%