ილონ მასკი

ილონ მასკმა მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა, TESLA-ს ფასი ეცემა 

ილონ მასკი
ფოტო: Entrepreneur 

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 2021 წელს თითქმის 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა, რის გამოც, მან მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, მასკის ქონების შემცირების მთავარი მიზეზი Tesla-ს აქციების ფასის შემცირებაა, კერძოდ, ბოლო ერთ კვირაში კომპანიის აქციები თითქმის 10%-ით დაეცა. 

Tesla-ს აქციების ფასი.  წყარო: tradingview.com

ამჟამინდელი მდგომარეობით, მასკის ქონება 160.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც 2021 წლის იანვართან შედარებით 24%-ითაა შემცირებული. 

მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი კი LVMH Moët Hennessy Louis Vuitton-ის თავმჯდომარემ, 72 წლის ფრანგმა ინვესტორმა, ბერნარ არნომ დაიკავა. 

ექსპერტების შეფასებით, Tesla-ს აქციების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი მასკის ბიტკოინისადმი დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება და ხუმრობის სახით შექმნილი ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერაა, რასაც ინვესტორების დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასებს. 

მასკი მიზნად ისახავს, Dogecoin-ი გლობალურ ვალუტად აქციოს, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმკოინი ამ მიზანს ვერ შეასრულებს და მისი 100-ჯერ ასწრაფება და გაიაფებაა საჭირო, რაც დიდი ტექნიკურ გამოწვევას წარმოადგენს. 

მასკის ნეგატიურ ტვიტებს ბიტკოინის ენერგომოხმარების შესახებ კრიპტოვალუტის ფასის შემცირება მოჰყვა. 

ანალიტიკოსების მეორე ნაწილის აზრით, აქციების ფასის ვარდნა კომპანიის არარეალისტური და სპეკულაციური შეფასებითაა გამოწვეული. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში Tesla-ს აქციების ფასი თითქმის 750%-ით გაიზარდა და იანვარში რეკორდულ ნიშნულს, 883 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, კომპანიის მკვეთრი გაძვირება არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ სპეკულაციური შეფასებით იყო გამოწვეული. 

კომპანიისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას იზიარებს ლეგენდარული ინვესტორი მაიკლ ბურიც, რომელმაც $534-მილიონიანი Short პოზიცია დააფიქსირა Tesla-ს წინააღმდეგ, ანუ ერთგვარი ფსონი დადო, რომ Tesla-ს აქციების ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცემოდა. 

მაიკლ ბური უოლ სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსია, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი და უძრავი ქონების ბუშტი იწინასწარმეტყველა.  მისი როლი ფილმში "დიდი შემცირება" [The Big Short] კრისტიან ბეილმა შეასრულა.  
 

კომენტარები