კრიპტოვალუტა

ილონ მასკი ბიტკოინს აკრიტიკებს და DOGECOIN-ის გლობალურ ვალუტად გადაქცევას ცდილობს

ილონ მასკი
ფოტო: express.co.uk

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მხარდაჭერა Dogecoin-ის მიმართ გრძელდება. ამჯერად მასკი მიზნად ისახავს, ხუმრობით შექმნილი ე.წ. მიმკოინი გლობალურ ვალუტად აქციოს.

გარდა ამისა, ის განაგრძობს ბიტკოინის კრიტიკას მაღალი ენერგომოხმარებისა და ტექნიკური სირთულეების გამო. 

მასკის თქმით, ბიტკოინის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარეობს, რაც გარემოს აბინძურებს. 

მასკის კრიტიკა კრიპტომარკეტზე ნეგატიურად აისახა და ბიტკოინის ფასი ბოლო ერთ კვირაში თითქმის 20%-ით დაეცა.

სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, Tesla-მ ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღება შეწყვიტა, თუმცა დაპირისპირება მასკსა და ბიტკოინის მხარდამჭერებს შორის ამით არ დასრულებულა. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია Tesla რეზერვებში 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინს ფლობს და, მასკის თქმით, კომპანია აღნიშნული კრიპტოვალუტის გაყიდვას არ აპირებს. 

თუმცა დღეს, 17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ, შესაძლოა, Tesla-ს დამოკიდებულება შეიცვალოს და კომპანიამ ბიტკოინი გაყიდოს, მისი ადგილი კი სხვა ალტერნატიული კრიპტოვალუტით ჩაანაცვლოს. 

Dogecoin-ის მხარდამჭერების აზრით, ილონ მასკისა და Tesla-ს რჩეული სწორედ ე.წ. მიმკოინი გახდება, თუმცა ამჟამად აღნიშნული სცენარის განხორციელებას რამდენიმე ტექნიკური ფაქტორი უშლის ხელს. 

პირველ რიგში, Dogecoin-ი, ბიტკოინის მსგავსად, პირველი თაობის კრიპტოვალუტაა და კონსენსუსის მექანიზმად Proof of Work სისტემას იყენებს, რაც მაინინგ ინფრასტრუქტურას საჭიროებს. 

მეორე მიზეზი Dogecoin-ის ცენტრალიზებული ბუნებაა, მისი მიწოდების უდიდესი ნაწილი 100 ადამიანის ხელშია, რაც აღნიშნულ ინდივიდებს მარკეტის მანიპულირების არნახულ შესაძლებლობებს აძლევს. 

მესამე და მთავარი მიზეზი ახალი თაობის, Proof of Stake სისტემაზე მომუშავე კრიპტოაქტივების არსებობაა, რომლებიც ბიტკოინის ენერგომოხმარების 0.01%-ს საჭიროებენ და Dogecoin-ს, ტექნიკური უპირატესობიდან გამომდინარე, კონკურენციას უწევენ. 

გარდა ამისა, მასკმა თავადვე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, Dogecoin-ი გლობალურ ვალუტად არ გამოდგება და აღნიშნული მიზნის მისაღწევად Dogecoin-ის 100-ჯერ ასწრაფება და 100-ჯერ გაიაფებაა საჭირო, რაც, ცხადია, დიდი ტექნიკურ გამოწვევას წარმოადგენს.  

მიუხედავად სირთულეებისა, მასკი იმედებს არ კარგავს და ამბობს, რომ Dogecoin-ის დეველოპერებთან მუშაობს და ეს პროექტი პოტენციურად პერსპექტიულია. 
 



2021 წლის თებერვალში ილონ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა

იანვარში კრიპტოვალუტის შეძენის სავარაუდო ფასი დაახლოებით 34 000 დოლარი იყო. მარტში კი მისმა ფასმა 64 000 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, Tesla-ს ინვესტიცია 50%-ითაა გაზრდილი, ანუ მისი პოტენციური მოგება თითქმის 750 მილიონ დოლარს აღწევს. 

შედარებისთვის, 2020 წელი Tesla-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო, როდესაც კომპანიამ ელექტრომობილების გაყიდვით 720 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. 

მაღალი ალბათობით, Tesla-მ ბიტკოინის შეძენით სამ თვეში უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით.

კომენტარები