კორონავირუსი და შეზღუდვები

კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ მანიფესტს 27 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ მანიფესტს, 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ბოლო მონაცემებით, მას 27 178 ადამიანმა მოაწერა ხელი. მანიფესტის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მისი გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ:

"საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს,

2021 წლის 21 აპრილს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ, 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერთა რაოდენობა შეივსო, მოქალაქეთა აქტივობა არ წყდება და ამ დროისთვის, მანიფესტს 26000-ზე მეტი ადამიანი შემოუერთდა (იხ. https://manifest.ge/item/3266).

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს თავისუფლების და განვითარების შესაძლებლობის შეზღუდვა -  მიმოსვლის თავისუფლებაში უმკაცრესი ჩარევა (ე.წ. კომენდანტის საათი) - რომელიც მოქმედებს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და გამომდინარეობს როგორც პარლამენტის მიერ მიღებული კანონიდან, ასევე ამ კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული რეგულაციის დარღვევისთვის, კანონმდებლობა ითვალისწინებს უპრეცედენტოდ უსამართლო სანქციებს, რომელსაც სამართალდამცავები ყოველდღიურად იყენებენ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ჩვენს მოქალაქეებს.

მანიფესტზე ხელმომწერთა რაოდენობა და მათი შეგროვების ტემპი, ჩვენთვის უპირობოდ ნიშნავს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, შესაძლოა დაგვიანებულად, მაგრამ იმავე პოზიციას იზიარებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მანიფესტზე ხელმომწერი 26,000-ზე მეტი მოქალაქის სახელით, მოგმართავთ:

საქართველოს მთავრობას:

  • საკოორდინაციო საბჭოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოთ საკითხი დასახელებული შეზღუდვის გაუქმების შესახებ;
  • განიხილოთ ჩვენ მიერ 2021 წლის 13 მაისს წარმოდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მთავრობის დადგენილების ცვლილების პროექტი.

საქართველოს პარლამენტს

  • გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები;
  • საჯარო სხდომაზე, დაიბაროთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და მოისმინოთ მისი ახსნა-განმარტებები ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების შესახებ;
  • შესაძლებლობა მიეცით მანიფესტზე ხელმომწერ პირებს და დაინტერესებულ ადამიანებს, დაესწრონ ზემოხსენებულ მოსმენას და დასვან შეკითხვები, რაც მათი უფლებაა.

საუკეთესო სურვილებით".- აღნიშნულია მიმართვაში. 

მანიფესტის ორგანიზატორები:

  • გიგი თევზაძე
  • გიორგი ჩიტიძე
  • თენგიზ თევზაძე 

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარი, იურიდიული პირი – 10 ათასი ლარი. 

კომენტარები