ბელარუსი

ბელარუსში არმიის ოფიცერს დარბევაზე წერილის გამჟღავნებისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აქცია ბელარუსში. ოქტომბერი 2020.
ABC

14 მაისს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არმიის ოფიცერს "ღალატისთვის" 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომიტინგეების დარბევის შესახებ წერილი გაამჟღავნა. 

ყოფილმა კაპიტანმა, დენის ურადმა, წერილის ასლი ოპოზიციურ მედიას მარტში გაუგზავნა. წერილში ეწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან კუბრაკოვმა პროტესტის ჩახშობისთვის თავდაცვის მინისტრს არმიის ჩართვა მოსთხოვა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ურადი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის ბრალდებულია ღალატში. 

"ურადის ქმედებამ ეროვნულ ინტერესებს ძალიან ავნო". - განაცხადა პროკურორმა, მიხაილ კოვალიოვმა. 

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები