რუსეთი

რუსეთში VTimes უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონლაინ სიახლეების სააგენტო VTimes "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა. 

VTimes 2020 წელს იმ ჟურნალისტებმა დააფუძნეს, რომლებიც Vedomosti-დან წამოვიდნენ. 

ჟურნალისტებმა გამოცემა იმიტომ დატოვეს, რომ ახალი მთავარი რედაქტორი კრემლის ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულეს. 

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

მანამდე, აპრილში "უცხოეთის აგენტად"  Meduza გამოაცხადეს. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს რადიო თავისუფალი ევროპა რუსეთის ფედერაციამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა. 2021 წლის 10 თებერვალს რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და მასმედიის კონტროლის სამსახურმა რადიო თავისუფალი ევროპა 11 მილიონი რუბლით (დაახლოებით 150 000 დოლარი) დააჯარიმა, რადგან მაუწყებლობა საკუთარი თავის, როგორც “უცხოეთის აგენტის” იდენტიფიკაციას, არ ახდენდა.

გასული წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. ფონდი  უცხოეთის აგენტთა სიაში 2019 წლის 9 აგვისტოს შეიყვანეს. 

"უცხოეთის აგენტის" კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანონ.

კომენტარები