დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერი, ოფირ გენდელმანი, ავრცელებს.

გენდელმანი ასევე წერს, რომ ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილი 130 რაკეტიდან ერთ-ერთი საბავშვო ბაღს დაეცა: "იქ რომ ბავშვები ყოფილიყვნენ, ყველა დაიღუპებოდა. ჰამასი ორმაგი ომის დანაშაულს სჩადის: მიზანში იღებს სამოქალაქო პირებს მაშინ, როცა სამოქალაქო პირების უკან იმალება".

მისივე თქმით, სრედოტში ჩამოვარდნილი რაკეტის შედეგად 6 წლის ბავშვი და 5 პირი დაშავდა. 

ქალაქ თელ-ავივში სირენების ხმა ხელახლა ისმის. რაკეტების გამაფრთხილებელი სირენები გაზის მონაკვეთის მახლობლად მდებარე სამხრეთ ნაწილშიც ისმის.

The Jerusalem Post წერს, რომ ჰამასმა რაკეტები ისროლა ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით. რაკეტების ნაწილი ღია სივრცეში დაეცა ან რკინის გუმბათმა ისინი გააუნეებელყო. 

თუმცა, აშკელონში ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა. მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალები წერს, რომ “ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა სამხრეთ ღაზაში 14-სართულიან შენობას დაარტყეს, სადაც იყო ჰამასის სამხედრო სადაზვერვო ოფისები და ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენებოდა ტაქტიკური, სამხედრო ინფორმაციის გადასაცემად”. IDF წერს, რომ შენობაში სამოქალაქო პირები გააფრთხილეს და ევაკუაციისთვის საკმარისი დრო მისცეს.

ისრაელის პრემიერმინისტრი აფეთქების ვიდეოს შემდეგი წარწერით ავრცელებს: "ვინც ჩვენ გვესვრის თავიდან სისხლი წამოუვა".

მანამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის 16 წევრი მოკლა, მათ შორის, ოთხი მაღალი რანგის წევრი.

ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ლიდერების და წევრების სახლებზე, ასევე რაკეტის გამშვებ პუნქტებზე.

თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ისრაელის ავიაციამ ღაზაში გაანადგურა ჰამასის მიერ მართული პოლიციის შტაბი.

ჰამასის მოკლულ წევრებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მალევე რაკეტა გაისროლეს აშდოდის მიმართულებით.

ჰამასის განცხადებით, შუა ღამით მათ თელ-ავისის და ბეერშებას მიმართულებით 210 რაკეტა გაისროლეს. 

დაძაბულობაა ისრაელში არაბებით და ებრაელებით დასახლებულ ქალაქებში, სადაც აქციები გაიმართა. ქალაქ ლოდში სინაგოგა დაწვეს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება მანამდე, სანამ სრულ და გრძელვადიან მშვიდობას არ მიაღწევენ. 

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები