დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის საელჩო: მილიონობით მოქალაქე თავშესაფარშია, ვლოცულობთ, ძალადობა მალე დასრულდეს

აფეთქება ისრაელის საჰარო თავდასხმის შემდეგ რაფაში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. 11 მაისი, 2021
SAID KHATIB / AFP

ისრაელის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის "ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის".

"ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს". – წერს საელჩო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 38 საათში ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 1050-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.

გრძელდება ისრაელის საპასუხო ცეცხლიც ღაზის სექტორის მიმართ. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ 500-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. 12 მაისის დილის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის ათობით პოლიციის სადგური და უსაფრთხოების ობიექტი გაანადგურეს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ცეცხლს 32 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა და 220 დაშავდა. 5 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ჰამასის რაკეტებს.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი სირიაში ჩადის, რათა განიხილონ ვითარება ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები