რუსეთი

რუსეთში, სკოლაში სროლის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 9 ბავშვი

TASS

რუსეთში, ქალაქ კაზანში 175-ე შეიარაღებული თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრა და სროლა დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 11 ადამიანი მათ შორის – 9 ბავშვი. არიან დაშავებულები. თათარისტანის ბავშვთა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 18 დაშავებული ბავშვი მიიღო, მათგან 6-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ის უკვე დაკავებულია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლაში ორი თავდამსხმელი შეიჭრა და ერთ-ერთი სამართალდამცველებმა მოკლეს.

რუსული მედიის თანახმად, 19 წლის თავდამსხმელმა კაზანის 175-ე სკოლა 4 წლის წინ დაამთავრა. რამდენიმე დღის წინ მან ტელეგრამ-არხი გახსნა, რომელშიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა, სროლის დღეს კი დაწერა, რომ "დიდი რაოდენობით ბიონაგავს მოკლავდა", რის შემდეგაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. სროლის შემდეგ ტელეგრამის ადმინისტრაციამ არხი დაბლოკა.

თავდამსხმელი იარაღს კანონიერად ფლობდა და როგორც დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი ამბობს, იარაღის ფლობაზე ნებართვა მან 28 აპრილს მიიღო.

ინციდენტის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, სასწრაფოდ გამკაცრდეს სამოქალაქო პირებზე იარაღის მიყიდვის პროცედურა.

კომენტარები