კორონავირუსი მსოფლიოში

FDA-მ 12-15 წლის მოზარდებისთვის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებისთვის გამოყენების უფლება გასცა.

FDA-მ დაადგინა, რომ Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აკმაყოფილებს სავალდებულო კრიტერიუმებს. უწყების ცნობით, ვაქცინის პოტენციური სარგებელი 12 წელს ზემოთ ასაკის პირებში აჭარბებს ცნობილ და პოტენციურ რისკებს, რაც ვაქცინის გამოყენებას დასაშვებს ხდის. 

Pfizer-BioNTech-ის განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ცდაში 2 260 12-დან 15 წლამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კომპანიისვე განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ საპასუხო ანტისხეულებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გვერდითი მოვლენები იყო 16-დან 25-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მსგავსი. 16-დან 25 წლამდე ასაკის პირების კვლევის დროს, მათ ვაქცინა კარგად გადაიტანეს, მსუბუქი და საშუალო გვერდითი მოვლენებით, როგორიცაა თავის ტკივილი, სიცხე, დაღლილობა და სხეულზე აცრის ადგილას ტკივილი. 

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა უკვე დაშვებულია 16 წლის ასაკისა და უფროსი ადამიანებისთვის.

კომენტარები