დიდი ბრიტანეთი

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა

ნიკოლა სტარჯონი

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალური პარტია იმარჯვებს. მან პარლამენტში 129-იდან 64 მანდატი მოიპოვა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის 65 მანდატია საჭირო.

ეს შოტლანდიის ნაციონალური პარტიისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის თანახმად, არჩევნების შედეგები ნიშნავს, რომ ის Covid-19-ის პანდემიის შემდეგ  შოტლანდიის დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმისთვის დაიწყებს აქტიურ მუშაობას და აღმაშფოთებელი იქნება, თუ ბორის ჯონსონი შეეცდება უგულებელყოს ხალხის ნება.

"არ არსებობს დემოკრატიული გამართლება ბორის ჯონსონისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს, ხელი შეუშალოს შოტლანდიის ხალხის უფლებას, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი". – თქვა სატრჯონმა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება ბორის ჯონსონმა უნდა დაადასტუროს. ჯონსონმა კი უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ამას არ იზამს. პრემიერმინისტრის თანახმად, უპასუხისმგებლობა იქნება რეფერენდუმის ჩატარება ახლა და აღნიშნავს, რომ 2014 წელს შოტლანდიელებმა გაერთიანებული სამეფოს ნაწილად დარჩენას დაუჭირეს მხარი.

"ვფიქრობ, რომ არსებულ კონტექსტში რეფერენდუმი უპასუხისმგებლობა და წინდაუხედაობაა" . – თქვა ბორის ჯონსონმა მედიასთან საუბრისას. 

რეფერენდუმის საკითხი, სავარაუდოდ, შოტლანდიის მთავრობისა და ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის დაპირისპირების მიზეზი გახდება.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია იმედოვნებდა, რომ არჩევნებით სრულ უმრავლესობას მოიპოვებდა, თუმცა ამისთვის 1 მანდატი დააკლდათ. გაერთიანებული სამეფოს ნაწილად დარჩენის მომხრეები თვლიან, რომ ეს აძლიერებს ბორის ჯონსონის არგუმენტს, რომ ნაციონალურ პარტიას რეფერენდუმის ჩატარებაზე მანდატი არ აქვს. თუმცა შოტლანდიის მწვანეებმა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ რეფერენდუმს მხარს დაუჭერდნენ, 8 მანდატი მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში დამოუკიდებლობის მხარდამჭერი უმრავლესობა არსებობს. 

ბოლო წლების განმავლობაში შოტლანდიის პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას გარკვეულწილად დაშორდა, თუმცა შოტლანდიელებს შორის რეფერენდუმთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

თუმცა დამოუკიდებლობის მოძრაობა გარკვეულწილად გააძლიერა ევროკავშირის დატოვებამ, რასაც შოტლანდიელთა უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა და ასევე აღქმამ, რომ სტარჯონის ხელისუფლება Covid-19-ის კრიზისს კარგად გაუმკლავდა. გარდა ამისა შოტლანდიაში ჯონსონის კონსერვატორული ხელისუფლების მიმართ ანტიპატია არსებობს.

სტარჯონი აღნიშნავს, რომ მისი პირველი მიზანი პანდემიასთან გამკლავებაა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ რეფერენდუმი 2023 წლამდე ჩატარდეს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ჯონსონის ადმინისტრაციის მხრიდან რეფერენდუმის ჩატარებასთან დაპირისპირება შოტლანდიის დემოკრატიის უგულებელყოფა იქნება.

2014 წლის რეფერენდუმში შოტლანდიამ 55%-ით 45%-ის წინააღმდეგ მხარი გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირა.

კომენტარები