ალექსეი ნავალნი

Amnesty International ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსს აღუდგენს

ალექსეი ნავალნი
Reuters

Amnesty International დაპატიმრებულ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსს აღუდგენს. 

24 თებერვალს ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ნავალნის სინდისის პატიმრად აღარ მოიხსენიებდნენ, რადგან როგორც ორგანიზაციაში თქვეს, წარსულში მას სიძულვილის წამახალისებელი კომენტარები გაუკეთებია. Amnesty International-მა "ფრთხილად განხილვის" შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 

Amnesty International-ში ასევე თქვეს, რომ 24 თებერვლის გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ და მისმა მომხრეებმა გამოიყენეს, რათა ნავალნის უფლებები კიდევ უფრო მეტად დაერღვიათ. 

"Amnesty International-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო... და ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ალექსეი ნავალნიზე პირადად და აქტივისტებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. რუსეთსა და მთელ მსოფლიოში დაუღალავად მხარს უჭერენ მის გათავისუფლებას". - წერენ ორგანიზაციაში. 

ალექსეი ნავალნის ახლო თანამოაზრე და მისი შტაბის უფროსი, ლეონის ვოლკოვი გადაწყვეტილებას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"უნარი, რომ აღიარო შეცდომები და წინ წახვიდე, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ნორმალურ ადამიანებს პუტინებისგან განასხვავებს".

ნავალნის აკრიტიკებდნენ წარსულში არალეგალურ მიგრაციაზე ნაციონალური სენტიმენტებისა და წლების წინ ყოველწლიურ ნაციონალურ მარშში მონაწილეობის მიღებისთვის.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები