ბელარუსი

მინსკში ბელარუსის ისტორიული დროშისფერი წინდების ჩაცმისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

ბელარუსი. 2021 წლის იანვარი. 

მინსკში ბელარუსის ისტორიული დროშისფერი წინდების ჩაცმისთვის მოქალაქე 2 320 ბელარუსული რუბლით დააჯარიმეს.

24 მარტს ნატალია სიუსტოვა სიდუშკინას სახლში პოლიცია მივიდა, რადგან მისი სახლის აივანზე თეთრი და წითელი ფერის ლენტები დაინახეს. მათ ლენტები მოხსნეს და მოქალაქეს პიკეტირებაში ბრალი დასდეს. მეორე დღეს ის ადმინისტრაციული დარღვევისთვის დამნაშავედ ცნეს და 2030 ბელარუსული რუბლის ჯარიმა დააკისრეს. 

იმავე დღეს სამართალდამცავებმა ის გააჩერეს "არასწორი ფერის წინდების" ტარებისთვის.

მეორე დღეს ის ხელახლა გაასამართლეს ადმინისტრაციული კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით. პოლიციელებმა დასკვნაში დაწერეს, რომ ქალს არა მხოლოდ თეთრ-წითელ-თეთრი ფერის წინდები ეცვა, არამედ ხელებით V სიმბოლოსაც აჩვენებდა. 

"მე წინდებზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებ". – თქვა ნატალია სიუსტოვა სიდუშკინამ.

დღევანდელი ბელარუსის ოფიციალური დროშა ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის თითქმის იდენტური დროშაა, მცირე განსხვავებით – დღევანდელ დროშას წითელ ნაწილში ნამგალი და უროს და ვარსკვლავი აღარ აქვს, ოდნავ შეცვლილია ორნამენტის ნაწილიც. ამჟამინდელი დროშის დიზაინი 1995 წელს წარადგინეს. როგორც ალექსანდერ ლუკაშენკო განმარტავს, წითელი თავისუფლებასა და ქვეყნის წინაპრების მსხვერპლს გამოხატავს, ხოლო მწვანე - სიცოცხლეს. 

ბელარუსის თეთრ-წითელ-თეთრ დროშას ოპოზიცია 1995 წლიდან იყენებს ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დროშას იყენებდა ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა 1918 წლიდან მანამ, სანამ ბელარუსი საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდებოდა. ფერები შთაგონებულია ბელარუსის ტრადიციული გერბისგან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს ბელარუსმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს ქვეყნის ოფიციალური დროშა იყო, 1995 წლამდე. დროშა აკრძალული არ არის, თუმცა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს არარეგისტრირებული სიმბოლოა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები